1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეიდან საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
პირველ ივნისს დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქში არსებულ სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის პარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი).
მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, მთელი დღის განმავლობაში კი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება.
მზიურის პარკში კი პროგრამა 16:00-დან დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, ქართველი და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით.
4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.