თბილისის რაიონებში, გარემოვაჭრეებისთვის 10 აგვისტოდან სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც ისინი პროდუქტის განთავსებას შეძლებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის განმარტებით, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოსახლეობას ყველანაირი გადასახადის გარეშე შეეძლება. კალაძის ინფორმაციით, ამისათვის მოქალაქეებმა გამგეობებს უნდა მიმართონ და რეგისტრაცია გაიარონ.
„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქუჩაში ვაჭრობა. ადამიანები, რომლებსაც მართლა უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობაში შევდივარ. ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, არ გამოვიდოდა და ქუჩაში არ დაიწყებდა თავისი პროდუქტის გაყიდვას. თუმცა არის მეორე მხარეც, რაც ყურადღებამისაქცევია, რათა დაცულები ვიყოთ. შესაბამისად, გამგებლებს დავავალე, რომ თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც ადამიანებს თავიანთი პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მივცემდით ყველანაირი გადასახადების გარეშე. უკვე გამოყოფილია ეს ადგილები, დავამზადეთ მოწესრიგებული, ლამაზი დახლები და უკვე 10 აგვისტოდან შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანებმა ამ ადგილებიდან შეძლონ თავიანთი პროდუქტების გაყიდვა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.