LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვეა რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა ნამდვილი სახე – უკრაინელებმა აჩვენეს, რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა, თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი – ზურაბიშვილი

142
სალომე ზურაბიშვილი 12

რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ – ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინამ აჩვენა ერთიანობა და ის, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა.

ანდჟეი დუდა – იმედი გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და შევა ნატო-ში – პოლონეთი მხარს უჭერდა და კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვარ მიღებისთვის, მადლობელი ვარ იმისთვის, რომ შეხვედრის საშუალება ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა.

აქ ვიზიტით ვიყავით 2019 წელს, ამის შემდეგ თქვენ იმყოფებოდით ჩვენ ღონისძიებაზე 2021 წელს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი შედგება საქართველოში ახლო მომავალში.

ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც ურთულესი პერიოდია, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის, მთლიანად ევროპისთვის – ვიტყოდი მსოფლიოსთვის.

10 თვეა, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არამხოლოდ – მთელმა საზოგადოებამ აჩვენა თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის დაცვა, აჩვენა რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილი – თავისუფლების დაცვა.

[გვაჩვენა]რას ნიშნავს ის, როდესაც მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, ამას ვამბობ ასევე საქართველოსთვის, რომ უკრაინის მაგალითი არის – როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს ქვეყანა მაშინ არის ძლიერი და შეიძლება ყველაფერს გაუძლოს, და მართლაც, ყველაფერს უძლებს.

ამ წუთებშიც ძალიან ძლიერი იერიში არის უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს. გაუძლებს თუნდაც იმ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. უკრაინა ერთიანია იმიტომ, რომ იცის, იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ თქვა, მაგრამ მე აქ წარმოვადგენ და ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა „და ეს ბევრს ნიშნავს“.

ზურაბიშვილი: ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ აღარ დარჩა ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც ერქვა გეოგრაფიული მიდგომა, თითქოს იყო თუ არა საქართველო ევროპა. ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა.

შემდეგი ეტაპი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც სამწუხაროდ ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცი, რომ შეგვიძლია ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. მას შემდეგ, რაც დაწყებული არის ჩვენი გზა ევროპის ინტეგრაციისკენ, ჩვენ მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში. ეს არის სურვილი ჩვენი მოსახლეობის 80%-ის და ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ გზაზე გავაგრძელებთ სვლას. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს.

მინდა გამოვხატო საქართველოს მადლიერება იმისთვის, რომ არამხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში პოლონეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი, მაგალითად, 1921 წელს, როდესაც ჩვენი ოფიცრები სტამბოლიდან წამოიყვანა, და აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო – ის ოფიცრები, რომლებიც გამოექცნენ იმ დროინდელ რუსულ აგრესიას და ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორია და არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ერთიან მომავალს ევროპაში.

პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს ჩვენ გვერდით იდგა პოლონეთი და ძალიან სწორად შეაფასა იმ დროინდელი საფრთხე მომავლისთვის, როდესაც არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რომელიც საჭირო იქნებოდა. დღეს პოლონეთი დგას ჩვენ გვერდით – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არის პოლონელი და 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს ამ მისიაში.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი დიდი იმედი, რომ მომავალში, როდესაც ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი ამ გაერთიანების, რასაც ევროკავშირის ჰქვია, ჩვენც ვიქნებით პოლონეთის სანდო მეგობარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები