LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდჟეი დუდა – იმედი გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და შევა ნატო-ში – პოლონეთი მხარს უჭერდა და კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს

149
ანჯეი დუდა პრეზიდენტი

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს უკეთეს პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.

„მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ასევე, შევა ნატო-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს, რათა ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის უდიდესი პატივია, უმასპინძლოს სალომე ზურაბიშვილს ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მიმდინარეობს.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდსა და რთულ დროს, როდესაც რუსეთის აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის. ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. ასევე რა თქმა უნდა, აღსანიშნავია პოლონეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობაც, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი მოწიწება, პატივისცემა მინდა, გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად, გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. ამიტომ, მე ძალიან მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

მისივე თქმით, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს.

„გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობს უკრაინისთვის დახმარების საკითხში, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რადგან ახლა აუცილებელია, უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები უკრაინაზე. არის დაბომბვის ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g