LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“14 წლის შემდეგ განმეორებული სცენარი” – როგორ აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკური სპექტრი

158
1

“საჭიროდ მიმაჩნია, მივიღო უკვე დიდ ხანს მომწიფებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”, – ვლადიმირ პუტინის მიერ გუშინ მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ რუსეთ-უკრაინის კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და ამავდროულად, ოფიციალურად გააფორმა.

ქვეყნების საზღვარზე რამდენიმეთვიანი დაძაბულობის, რუსული ჯარის მობილიზების, პროვოკაციების, ტერიტორიებიდან ქვედანაყოფების თითქოს გაყვანის განცხადებებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინტენსიური დარღვევის შემდეგ, ბოლო ნაბიჯი იყო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერების თხოვნა პუტინის მისამართით – ეღიარებინა ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. 

აღიარებამდე პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ეს დიდი უსაფრთხოების საბჭო იქნებოდა.

დიდი უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ, მსოფლიომ პუტინის განცხადებებიც მოისმინა, რასაც დასავლეთის მხრიდან დიდი აღშფოთებაც მოჰყვა.

 

პოლიტიკური დეჟავიუ 14 წლის შემდეგ –  როგორ აფასებენ რუსეთის აღიარებას ქართულ პოლიტიკაში

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად ცნობას შეფასება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც.  პოლიტიკოსების უმეტესობა პარალელს ავლებს 2008 წელს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ამბობს, რომ მოვლენები იმავე სცენარით ვითარდება.

აღნიშნავენ, რომ დასავლეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ამბობენ, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებაც უნდა განიხილონ, ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს და გამოხატვის ფორმებზე კონსულტაციებს იწყებენ.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად – ელენე ხოშტარია კონსულტაციებს იწყებს

პუტინის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ნაბიჯს უწოდებს, პარალელს კი საქართველოსთან ავლებს:

“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ღარიბაშვილი “ტვიტერზე”.

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “აღიარება” იმ სცენარის გამეორებაა, რასაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა:

“საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “აღიარებას”, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია.

საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას”, – აღნიშნულია ზურაბიშვილის მხარდამჭერ “ტვიტში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გმობს რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და უკრაინის გვერდით დგას:

“საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით.

მე მჯერა, რომ მალე უკრაინაც და საქართველოც გამთლიანდება, ვუსურვებ მათ მშვიდობას”, – აცხადებს კალაძე.

უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ რუსეთი ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას ცდილობს.

მისივე შეფასებით, ამ სიტუაციაში ქმედითი ნაბიჯები რთული გადასადგმელია, რადგან ძალიან სენსიტიური ვითარებაა:

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც არის გვიანი შუასაუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაში დარჩენილი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ, პირველ რიგში, შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და მეორე მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლი…

სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ამ სიტუაციაში რთული გადასადგმელია, რადგან ძალიან სენსიტიური ვითარებაა. პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ რეგიონი დავიცვათ ფართომასშტაბიანი ომისგან და, იმედი მაქვს, ეს შესაძლებელია. საქართველომ უნდა იმოქმედოს იმდაგვარად, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და შეჩერებული იქნეს რუსეთის აგრესიული ნაბიჯები”, – ამბობს დავითულიანი.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია დაწყებული აქვს და რაც, განსაკუთრებით მკაფიოდ, 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა.

სუბარი ამბობს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების მსგავსად, ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა იყოს რეაგირება.

 

რეზოლუცია, საზოგადოების მკაცრი პასუხი, დასავლეთის გააქტიურება და ნატოში დაჩქარებული წესით მიღება – ოპოზიციის პოზიცია და მოთხოვნები

რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების ე. წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ, პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” მიმართვა გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე.

“ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა.

ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია “დროა” კონსულტაციებს იწყებს, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმებზე იმსჯელონ.

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას არა მხოლოდ მთავრობების, არამედ მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს.

“უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991-დან მოყოლებული და 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია. დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევის, არამედ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ:

“აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს მოყვება დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება”, – აცხადებენ პარტიაში.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ.

“2008 წელი – საქართველო, 2022 წელი – უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, – წერს  გახარია “ტვიტერზე”.

ოპოზიციური პარტია “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსეთს ქრონიკულ დაავადებას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველომ და უკრაინამ უნდა ისწავლოს ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მიიღონ და მომავალში განკურნება შეძლონ:

“ცხადია, რომ უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, ვერაფერს ვუშვრებით ჯერჯერობით და არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში განკურნება შევძლოთ”, – აღნიშნავს ხვიჩია.

პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ალიანსში ამ ორი ქვეყნის დაჩქარებული წესით გაწევრიანება, დასავლეთის მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი იქნება:

“ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან, პუტინის ამ თავხედობის პასუხად, იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება, თან ფორსირებულად და დაჩქარებული წესით”, – ამბობს პოლიტიკოსი.

შექმნილ ვითარებაში დასავლეთის სათანადო გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც და ამბობს, რომ ჯერი დასავლეთზეა:

“ჯერი დასავლეთზეა! პუტინი მოქმედებს! დასავლეთის ლიდერები აგერ მიუნხენის კონფერენციიდან მუშტებს უქნევენ!!!

ზუსტად ვიცი, ამ ომს პუტინი წააგებს, მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი იმ მსხვერპლის, რომელიც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დასავლეთის ბოლომდე გასაღვიძებლად უნდა გავიღოთ?

თუმცა, სანამ დასავლეთისკენ თითს გავიშვერთ, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს”, – აღნიშნავს ხიდაშელი.

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა:

“თუ ახლა ევროპის, აშშ-ის ლიდერები არ იმოქმედებენ ძალიან გადამწყვეტად და ეფექტიანად, მაშინ მიწებით და ხალხის სისხლით გაუმაძღარი პუტინი არ გაჩერდება.

ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინელების, რადგან მათ თავს ის ხდება, რაც 2008 წელს ჩვენ განვიცადეთ და მანამდე 90-იან წლებში. მერე დაიწყებენ იქაც ტერიტორიის შეღობვას, დონეცკის ოლქში, მათი გადმოსახედით, შედის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ის არის სახმელეთო გზაზე ყირიმსა და დანარჩენ დონეცკის ტერიტორიას შორის. ეცდებიან მარიუპოლი აიღონ, იქ იქნება გადამწყვეტი, გაუწევენ თუ არა წინააღმდეგობას, თუ თვალს დახუჭავენ. შესაბამისად, ახლა მოქმედების დროა და ვნახოთ აქვთ თუ არა მართლაც ფასეულობები და ღირებულებები ევროპაში”, – ამბობს ელისაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

“სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე. დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.

რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი.

აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, “აღიარება” მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ.

ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

უკრაინას სოლიდარობას უცხადებს “საქართველოს რესპუბლიკური პარტიაც”.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე პროცესები იმავე სცენარით ვითარდება, როგორც საქართველოში რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და “აღიარება” განახორციელა.

პარტიას სამარცხვინოდ და სახიფათოდ მიაჩნია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უკრაინის არასათანადო მხარდაჭერა.

“სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ ელევა თავის იმპერიულ ამბიციებს, ვერ ეგუება მის მეზობლად სუვერენული სახელმწიფოებისა და თავისუფალი ერების არსებობას, თავს ესხმის მათ, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისევე, როგორც ამას აკეთებდა 2008 წლის აგრესიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში”, – აცხადებენ “სტრატეგია აღმაშენებელში” და ამბობენ, რომ საჭიროა ეფექტური და სწრაფი რეაგირება დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ დასავლეთის იმედად და აუცილებელია ეროვნული ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რადგან მტერმა იცოდეს, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, შესაბამის პასუხს გასცემენ და დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი ფიქრობს, რომ პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან.

მისი განცხადებით, ეს არის ნაწილი მისი მცდელობისა, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგი შეცვალოს, აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოებრიობას დაუპირისპირდეს, სადაც საჭიროა სამხედრო აგრესიით და სადაც საჭიროა ჰიბრიდული მეთოდებით.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, “კატასტროფაა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც ცდილობდა და ალბათ, ახლაც სხვადასხვა ფორმით მაინც უტიფრად შეეცდება ამ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს, ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია ნაწილობრივ მაინც ის, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას, რომ იყო მსხვერპლი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები”.

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინმა თვითონვე გააქარწყლა რუსული და ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან სახელმწიფოს რაიმე სახის დანაშაული მაინც მიუძღვის რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიაში საქართველოში და რომ რუსეთმა იგივე სცენარი, რომელიც იყო 2008 წელს, უკრაინაში პირდაპირ გაიმეორ.

დეკანოიძის განცხადებით, ახლა გვაქვს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომ საქართველომ 2008 წლის მოვლენები ამოაყირაოს და მსოფლიოს შეახსენოს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა 2008 წელს ზუსტად ისევე, როგორც ეს წუხელ მოახდინა. თუმცა, მისი თქმით, საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების ძალიან პასიური მოქმედება ჩანს.

მასალა განახლებადია.

პოპულალურები