“ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას.” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ და პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და განაცხადა, რომ დასაფასებელია მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ:
“15-17 მარტს ვიზიტით მივემგზავრებით ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში და ნატოში.
16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში.
მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას და ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება ბატონი მიშელის პირად წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის ვიზიტს, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დიალოგის პროცესში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს.” – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, თბილისში დღეს შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ელოდებიან.
დანიელსონი რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა. მისი მთავარი მისია მოლაპარაკებებში ჩართვა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვაა.