LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 უკონკურენტო წელი ,,არ დაიდარდოსთან“ ერთად – „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!“

360
ardaidardodj

ჭეშმარიტად ქართული ტალღა, რადიო „არ დაიდარდო“ 16 წლისაა. როგორც მისი მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რადიოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მის წამყვანებს აქვთ შეტანილი და მათ ეთერის გაძღოლის საკუთარი, მანამდე არარსებული სტილი დაამკვიდრეს FM სივრცეში.

რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანები მიიჩნევენ, რომ ამ ტალღას მაგიური ძალა აქვს და ყველას, მსმენელსაც და წამყვანსაც, პოზიტიური მუხტით ავსებს.

„არ დაიდარდოს“ წამყვანებმა დაბადების დღესთან დაკავშირებით საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.

ლაშა რამიშვილი:

რადიო „არ დაიდარდო“ ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია, რადიო „არ დაიდარდო“ ჩემთვის ამინდია, იმიტომ, რომ როგორ ცუდადაც უნდა ვიყო, ამ ტალღას რაღაც დიდი მაგიური ძალა აქვს. მას ყოველთვის პოზიტივისკენ მივყავარ, ამიტომაც ის ამინდივითაა. ეს ჩემი ერთი დიდი ოჯახია, რომელსაც „არ დაიდარდო“ ჰქვია.

მართალია, წამყვანები ერთმანეთს ხშირად არ ვხვდებით, მაგრამ სიყვარული და პატივისცემა გულში გვაქვს. ჩვენი რადიოს ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი სწორედ ეს არის, რომ ერთმანეთი გვიყვარს.

აგერ უკვე მე-16 წელიწადია, რადიო „არ დაიდარდო“ „ჰაიკლასია“ და ამის მიზეზი გიორგი მშვენიერაძეა, მთელ ჰოლდინგში ყველაზე გულიანი კაცი სწორედ ისაა.

ჩემი პირველი ეთერი იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ მოკრძალებული, მე და თაკო მელიქიშვილი ვიყავით, რამდენჯერაც ეთერიდან გამოვიდოდით, სულ მეუბნებოდა, ხმა ამოიღეო, იმ დღესვე ერთ-ერთი მენეჯერი მოვიდა და მითხრა, ვისმენ შენს საცოდაობასო.

და აი, მეორე დღეს, როდესაც პირველი სიტყვა ვთქვი, გაბრწყინებული გიორგი მშვენიერაძე შემოვიდა და მითხრა, აი ასე, ძალიან მაგარი იყოო.

მიყვარს ეს ტალღა, მიყვარს მთელი ჰოლდინგი, ეს ერთი დიდი ოჯახია, ამისათვის მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მუშაობს.

გიორგი არჩვაძე:

პირველად ჩემი ურთიერთობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ თანამშრომლის სტატუსით 2007 წელს დაიწყო რადიო „ფორტუნაში“,

რამოდენიმე წლის შემდეგ, როგორც მახსოვს, 2010–ში, ჰოლდინგში უკვე ჭეშმარიტად ქართული განწყობის შესაქმნელად  დავბრუნდი, ეს იყო განსაკუთრებული ემოცია, ბევრი ქართული მუსიკა, მსმენელის ზღვა სიყვარული და ისევ ისეთი კეთილი და ოჯახური გარემო, რაც ჩვენს კომპანიას ახასიათებს.

განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც FM სივრცის ყველაზე რეიტინგულ რადიოში მუშაობ და იცი მილიონობით ადამიანის დამოკიდებულება შენი საქმის მიმართ.

“არ დაიდარდო“, როგორც მედიასაშუალება, ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, შემქნას კარგი ხასიათი.

წელს განსაკუთრებული წელი იყო მსოფლიო პანდემიის პირობებში. შეიძლება ითქვას, გაასმაგებული ენერგიით და ენთუზიაზმით ვმუშაობდით და ასეც ვაგრძელებთ, რადგან სწორედ ამ დროს, განსაკუთრებით არის საჭირო, იზრუნო ადამიანების განწყობაზე და არ მისცე მათ მოწყენის საშუალება.

მე, ჩემი მხრივ, განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო ჩვენი დაბადების დღე ჩვენს უნიკალურ მსმენელს, რადგან „არ დაიდარდო“ არის სახალხო, მათია და მათ გარეშე ვერ ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ.

კარგი ხასიათის რადიო 16 წლისაა და 16-ვე წელი უკონკურენტო!.. ?

კატო კიკაბიძე:

„არ დაიდარდოში“ დაახლოებით 7 წლის წინ აღმოვჩნდი. მეგობართან შევხვდი თაკო მელიქიშვილს და ვუთხარი, თუ ოდესმე მუსიკალური წამყვანის პოზიციაზე ვაკანტური ადგილი იქნებოდა, სიამოვნებით გავაგრძელებდი კარიერას „ფორტუნას“ ჰოლდინგში.მალევე დამირეკა თაკომ და მითხრა,რომ გიორგი მშვენიერაძეს (რადიოს მენეჯერს) ჩემთან შეხვედრა უნდოდა, ხმა ჩავწერე, 10 წუთში შემოვიდა და მითხრა, აყვანილი ხარო. ცოტა მეამაყება, რადგან ცხოვრებაში პირველად მიიღო ასე სწრაფად გადაწყვეტილება ? დიდი ხნის განმავლობაში მეკითხებოდნენ, შენ ის გოგო ხარ, 10 წუთში რომ აიყვანა სამსახურშიო?

რადიო ჩემთვის სამსახური არასდროს ყოფილა, ყოველდღიურობის ნაწილია, ერთგვარი ცხოვრების სტილია.

გასაოცარი შეგრძნებაა, მარტო სტუდიიდან ეთერში რომ გადიხარ და ამ დროს წარმოიდგენ, რომ მთელი საქართველო გისმენს – სრულიად უცნობი ადამიანების სახლში, ავტომობილში ან ყურსასმენებში ისმის შენი ხმა და ეს წუთები შეგიძლია გამოიყენო, მათი ემოციები გააძლიერო, სტიმული მისცე, განწყობა შეუქმნა. ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის და სიამოვნებაც. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ჩემი სტუდია მივატოვო და პირდაპირი ეთერის გარეშე გავძლო.

გულბათი:

“არ დაიდარდოს” გახსნის დღიდან ვიცნობ…

აგერ უკვე 17 წელია, რაც „არ დაიდარდო“ არსებობს და მეც მისი ქომაგი ვარ დაბადების დღიდან. ვმუშაობდი სხვადასხვა რადიოსადგურში, სადაც ჩემი, როგორც წამყვანის კვალიფიკაცია ნელ–ნელა, ეტაპ-ეტაპ ავიმაღლე და მადლობა თითოეულ ჩემს ყოფილ უფროსსა თუ რადიოს მესვეურს.

იცით, ზოგადად ცხოვრებაში როგორც ხდება, ჯერ სახლში ნაბიჯები, შემდეგ ბაღში ლექსები და ზეიმები, მერე სკოლაში წერა-კითხვა და საშუალო განათლება და ბოლოს უნივერსიტეტში კვალიფიციური სპეციფიკური განათლება, ისე არის რადიოც ჩემს ცხოვრებაში… დავიწყე ანიდან და ამოვედი ჰოემდე! იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ ქართულ რადიოსივრცეში “არ დაიდარდო” ჰოე-ა. ამას ჩემი მტკიცება ნამდვილად არ უნდა, რეიტინგების უამრავი ფორმა ადასტურებს წლების განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ვცხოვრობ საქართველოში და ვმუშაობ ასევე საქართველოს ტრადიციულ ტალღაზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს ქართული სიმღერისა თუ მუსიკის პოპულარიზაციაში.

უკვე 4 წელი სრულდება 17 ივლისს, რაც ჩავები უდარდელ ფერხულში, მიმყავს ეთერი და ვფიქრობ, აქაურ რიტმს ავუწყე ფეხი. მუშაობის პირველივე დღიდან, როგორც ადმინისტრაციამ, ასევე ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა, თავი სრულფასოვან წევრად მაგრძნობინეს ამ დიდი ოჯახისა. აღვნიშნავ იმასაც, რომ დღეს ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ მსმენელებისგან, როგორც ჩვენი ყველა უკვე მეტად სტაჟიანი წამყვანი და მადლობა მათ ამისთვის.

არის რაღაც, რაც პროფესიული კუთხით უნდა დამთავრდეს ცხოვრებაში რაც  უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ვერასდროს შევეგუები! იმედია, ძალიან მალე არ დავბერდები და რადიოდან არ ჩამხსნიან ჩემი არაშესაბამისი ასაკის გამო… იმედს ვიტოვებ, სხვა ობიექტური მიზეზები არ იქნება.

ზოგადად მიყვარს რადიო, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ყოველდღე უამრავ ადამიანს ესაუბრები, ეკონტაქტები და მათთვის რაღაც დოზით მაინც სასარგებლო და საინტერესო ხარ, თუნდაც ფურცლებზე დაწერილი ინფორმაციის კუთხით და გასართობი გადაცემებიდან გამომდინარე…

რადიო მკვებავს და თავს მაგრძნობინებს ბედნიერად. ყველა წამყვანი დამეთანხმება, რომ დიდი პასუხისმგებლობაა, იჯდე სტუდიაში და აკეთო თითქოს უწყინარი საქმე, მაგრამ ვფიქრობ, სასიამოვნო საქმეთა შორის ერთ–ერთი სასიამოვნოა და დაღლათა შორის სასიამოვნო დაღლაცაა.

ვულოცავ იუბილეს ჩემს უდარდელ რადიოს და ვუსურვებ იმას, რომ მინიმუმ ასეთი იყოს სულ, როგორიც მე და თქვენ შეგვაყვარა თავი.

მრავალჟამიერ მრავალსა წელსა, „არ დაიდარდო“! სიყვარულით, “გულბათი”.

თაკო მელიქიშვილი:

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რადიო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე და „არ დაიდარდო“ კი ერთად მოვდივართ უკვე 16 წელია. მინდა, მადლობა გადავუხადო რადიოს მსმენელს, ასევე მენეჯერს, გიორგი მშვენიერაძეს და „არ დაიდარდოს“ ყველა თანამშრომელს იმ გარემოსთვის, რომელიც აქ წლებია, არის.

რადიო „არ დაიდარდო“ ყოველთვის ინოვატორი იყო და ასეც დარჩება მომავალში. ვფიქრობ, მსმენელს, რომელიც ჩვენ მიმართ თბილ დამოკიდებულებას არასდროს იშურებს, არაერთ სიახლეს და საინტერესო რუბრიკას შევთავაზებთ.

ნანკა ქოქიაშვილი:

ყველას გვაქვს ბავშვობის ოცნება. როდესაც პროფესია ავირჩიე, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. პატარა რომ ვიყავი, სულ რადიოს ვუსმენდი. შემდეგ ძველი მაგნიტოფონის კასეტაზე ვიწერდი წამყვანების საუბრებს და შინ ვთამაშობდი, მეც წამყვანი ვიყავი, ოჯახის წევრები კი – მსმენელები.

გავიდა წლები და მომეცა საშუალება, მეც დამეწყო მუშაობა რადიოში. მსახიობები რომ ამბობენ, სცენის მტვერი ჩავყლაპე და მას ვეღარ მოვშორდებიო, ასე დამემართა მეც. რადიოს მტვერი ჩავყლაპე და დღემდე სასიამოვნოდ ვარ მოწამლული (იღიმის).

ახლა კონკრეტულად რადიო „არ დაიდარდოზე: მოგიყვებით. რატომთაც მისდამი სულ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ზოგადად, ქართული სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი მოსმენა გამორჩეულ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი ხასიათი ზუსტად პასხუობს „არ დაიდარდოს“ ფორმატს, განწყობას.

ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ჩემი კოლეგა, ლევან გულბათაშვილი რომ მხვდებოდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა, გული მწყდება, რომ შენი ხმა რადიოში არ ისმის, იქნებ, რამე გამოვიდეს, ჩვენთან მოდიო. იმ დროს პარალელურად ვკონტაქტობდი ჩემს მეგობართან, ნონიკა ვაშაყმაძესთან, რომელსაც სიმართლე გითხრათ, ვთხოვე, სიტყვა შეეშველებინა. მოკლედ, ერთ დღესაც გავიღვიძე და დამიბარეს გასაუბრებაზე. ისეთი სასაცილო ვიყავი, დაბნეული ბავშვივით, სიტყვებს ძლივს ვალაგებდი. მენეჯერმა, გიორგი მშვენიერაძემ მკითხა, რატომ მინდოდა აქ მუშობა და პასუხად ვუთხარი, სულიერად დრაკატაკა–დუკატა ვარ–მეთქი. მას შემდეგ ჩემი საფირმო სიტყვები გახდა.

გასაუბრება წარმატებით გავიარე და შევუდექი მუშაობას. როგორ აგიხსნათ. რა პრობლემაც უნდა მქონდეს, სტუდიის კარს რომ მივიხურავ, საერთოდ არ მაღელვებს არაფერი ამ ქვეყანაზე. მიკროფონი, მიქშერი, სავარძელი – ყველაფერი მიყვარს. თითოეული მსმენელის ისტორია ვიცი. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან.

მინდა, რომ ეს ყველაფერი სიბერემდე ამ განცდით გამყვეს. თუმცა ერთი რამ ვიცი. თუკი არავინ გამაგდებს, რადიოდან ჩემით წამსვლელი არ ვარ. მიყვარს თითოეული ჩემი კოლეგა. მადლობა მათ, რომ ძალიან დამეხმარნენ. გიორგი მშვენიერაძეს კი პერსონალური მადლობა იმიტომ, რომ მსგავსი ადამიანური, მეგობრული და დიპლომატიური ადამიანი არ მეგულება. ამიტომაც არის, რომ ამდენი წელი ეს რადიო ურყევად პირველ ადგილზეა. მადლობა ყველას, ვისაც ამ საქმეში ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის. ვისურვებდი, რომ ჩვენი წყალობით, მთელი საქართველო მუდმივად ცეკვა–თამაშის ხასიათზე იყოს.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g