ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს.
შეგახსენებთ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ.მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
„ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.