ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 163 500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8289.5 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 400 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8 112.5 მილიონიდან 8 289.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
163 500 ხელშეკრულებიდან 62 500 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1 054 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი ოქტომბრის მდგომარეობით 14.95% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ოქტომბრის მონაცემებით 64 000 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.30%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2888 მილიონი ლარია.
32 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად, რაც პირველი სექტემბერთან შედარებით 400-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4 217 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1 187.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.57%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი ოქტომბრის მონაცემებით 3 028.9 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.05%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 17.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.26%-ში გაასესხეს.
ასევე, გაცემულია 3 400 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 98.6 მილიონი ლარია.
პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 26.31%.
პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 26.77% -დან 26.31%-მდე.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია.
„ეროვნული ბანკი უცვლელად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-იან ნიშნულს. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2022 წლის იანვარ-თებერვლის ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისგან გაჩენილი საბაზო ეფექტის გამო. ასევე გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, რაც თავის მხრივ აფერხებს ინფლაციური პროცესების შერბილებას. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-თან შედარებით კვლავ შემცირებულია. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.