“18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 11 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ 7 ინფიცირებულს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, მათ დადასტურებულად ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 19-ით, სულ არის 1240. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების გახლავთ 83%. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 220 პაციენტი, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტია. უშუალოდ ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 18 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელდა 7, ახალი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით, გვყავს 11 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ კრიტიკულად მძიმეა ერთი, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, – აცხადებს ეზუგბაია.
ინფექციონისტი სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამ შემთხვევასაც გამოეხმაურა, და აღნიშნა, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, “მძიმეთა სიაში ახალი პაციენტებიდან არავინ არის”.
“სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა, კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა. არჩილ თალაკვაძე ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. საქართველოში 24 საათში, კორონავირუსის შემთხვევები 18-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი უკვე 1240-მა ადამიანმა დაამარცხა.