მთავარ სლაიდზე ფოტო: ambebi.ge
დღეს გარდაბანში, გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სიჩქარით მოძრავი „BMW“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილობრივი მაცხოვრებლები მომხდარისა და გარდაცვლილების შესახებ „Ambebi.ge“-სთან საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან.
„ჩვენი სოფლის, ბირლიკში მცხოვრები ოთხი ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ორი ძმა და კიდევ ორი ძმა, ეს ბიჭები ერთმანეთის ნათესავები არიან. საუბედუროდ ორი ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული. მეზობლად ცხოვრობდნენ და ნათესავებიც არიან. როგორც ვიცი, კიდევ სამი ახალგაზრდა იყო საგარეჯოელი მანქანაში. საგარეჯოელებიც დაღუპულები არიან. დილით ასე თქვეს, რომ მანქანაში მყოფი რამდენიმე მგზავრი შეჯახების შემდეგ გადმოვარდა მანქანიდან. ორი ჩარჩენილი იყო მანქანაში. ორი ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს კლინიკაში, ახლა თქვენგან გავიგე, რომ გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. როგორც ჩანს, ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასეთი ავარია არასოდეს მინახავს, ყველაფერი ნამსხვრევებად არის ქცეული. ვიცოდი რომ შვიდნი იყვნენ. ახლა თქვენგან გავიგე მერვეც რომ ყოფილა. საშინელება ტრიალებს სოფელში. იმ ადგილას ვინც იყო, ყველა შოკშია, მიმოფანტულია ირგვლივ მანქანის ნაწილები. როგორც ვიცი, მანქანის ნაწილს გაუჩნდა ცეცხლი.
დაშლილია მთლიანად მანქანა, იქ გადარჩენის შანსი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩქარით მიდიოდნენ. გარდაცვლილებიდან ერთს ვიცნობდი ახლოს, რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარდაცვლილია. თანავუგრძნობ ყველას. დიდი ტრაგედიაა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, – ამბობს ადგილობრივი გამოცემასთან.
როგორც „Ambebi.ge“ წერს, სოფელ ბირლიკში მცხოვრები გარდაცვლილი ძმები შამილ და ქამილ ალიევები არიან.
ასევე კიდევ ორი ძმა არის დაღუპული – ალილ და საჰირ ჯალილოვები.
„ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17 – ის. ბიჭებს მშობლები დაღუპული ჰყავთ. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მშობლები ადრე დაეღუპათ, ჯერ მამა, შემდეგ დედა. ორივე გამორჩეულები იყვნენ ზრდილობით, მოწესრიგებულობით, კულტურით და არასდროს არავის აწუხებდნენ. ყველას ძალიან უყვარდა ძმები. ძალიან კეთილი იყო შამილი. ყველას გულშემატკივარი. გული მტკივა ძალიან. შამილი მიმტანად მუშაობდა, შრომობდა, ქამილი სპორტს მისდევდა, კრივით იყო დაკავებული. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი გამორჩეული ძმები იყვნენ, გული მტკივა ძალიან და ვუსამძიმრებ ყველას“, – ამბობს გამოცემასთან ახალგაზრდების სკოლის პედაგოგი.
