LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 „გრემის“ მფლობელი პეტ მეთინი ვატო კახიძის შესახებ: „უმაღლესი დონის ხელოვანია…“

717
53453791_298057380860067_6231729098155098112_n

თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი დღეს თბილისის კონსერვატორიაში თბილისის ბიგ ბენდის ახალი პროექტით გაიხსნება. ხვალ და ზეგ კი საქართველოს დედაქალაქში ისტორიული კონცერტები შედგება. „ისთერნ ფრომოუშენსის“ საოცნებო პროექტი განხორციელდა. თბილისს ეწვია 20 „გრემის“ მფლობელი, ყველაზე ძვირადღირებული ჯაზმუსიკოსი, პეტ მეთინი, გიტარის ჯადოქრად წოდებული, რომელმაც თან 8 გიტარა ჩამოიტანა, მათ შორის ცნობილი „პიკასო“, სპეციალურად მისთვის მიერ კანადელი ოსტატის მიერ შექმნილი.

პეტ მეთინის თან ტექნიკური ჯგუფიც ჩამოჰყვა, მათ შორისაა ორი ხმის რეჟისორი, რომელთაგან ერთ-ერთი „რადიოჰედთან“ მუშაობს.

პეტ მეთინი საკუთარი ტრიოს წევრებთან ერთად 26 თებერვალს აშშ-დან ჩამოფრინდა. საქართველოში ის ორ კონცერტს გამართავს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროგრამით. საკლუბო, ინტიმურ სივრცეში ის ტრიოსთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე და ჯაზურ იმპროვიზაციებს შემოგვთავაზებს, ხოლო სიმფონიური ორკესტრისთვის შექმნილი პროგრამით, – ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვა, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ვახტანგ კახიძე) ახალი პროექტის პრემიერას წარადგენს.

როგორც „ისთერნ ფრომოუშენში“ აღნიშნავენ, ისინი ისტორიულ კონცერტს ელოდებიან, მით უმეტეს, როდესაც შეიტყვეს, რომ პეტ მეთინიმ ახალი პროექტის წარდგენა პოლონეთთან ერთად, საქართველოშიც გადაწყვიტა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაწერს ალბომად და გამართავს ტურნეს ამავე პროექტის სახელწოდებით  Missouri Skies and More ფარგლებში.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 7-საათიანი რეპეტიციის შემდეგ, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა, პეტ მეთინის ბასისტმა დერეკ ოლეჟკიევიჩმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო რეპეტიციიდან და დაწერა: „პირველი რეპეტიცია. პეტის მუსიკა ორკესტრთან ერთად ისე შესანიშნავად ჟღერს… თავი სამოთხეში მგონია“.

როგორც კახა კანდელაკმა მოგვიანებით დაწერა, პეტ მეთინიმ „ისთერნ ფრომოუშენსს“ მადლობა გადაუხადა ვახტანგ კახიძესთან თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის. გთავაზობთ კახის „ფეისბუქ“-კომენტარს ამ თემაზე: „პეტმა მადლობა გადაგვიხადა ვატო კახიძის გამო… უმაღლესი დონის ხელოვანია და კომფორტულად ვგრძნობ თავსო!!!“

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი პეტ მეთინის კონცერტებთან დაკავშირებით – მას თან ჩამოჰყვა ახალგაზრდა დრამერი ჯონათან ბარბერი, რომელიც მხოლოდ იაპონური დრამის მწარმოებელი კომპანიის„კონოპუსის“ დრამზე უკრავს, ამ კომპანიის არტისტად მიიჩნევა, თუმცა საქართველოში ზემოხსენებული კომპანიის მაღაზია არ არსებობს, ასე რომ, ამ არტისტისთვის ტოკიოდან სპეციალურად გამოაგზავნეს დრამი, რომელსაც თბილისის ჯაზფესტივალს საჩუქრად დაუტოვებენ, იმ პირობით, რომ „კონოპუსის“ არტისტებისთვის, ვინც თბილისს ეწვევა, მასზე უსასყიდლოდ დაკვრას უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსები კმაყოფილნი დარჩნენ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზით და იმ აპარატურით, რომელიც იქ არის დამონტაჟებული.

დღეს პეტ მეთინი თავისი ტრიოს წევრებთან ერთად უკვე „ივენთ ჰოლშია“, სადაც რეპეტიციას გაივლის მეორე პროგრამისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტიტულოვანი მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები აღარ არის „ივენთ ჰოლის“ კონცერტზე, რადგან მთლიანად გაყიდული იყო კონცერტამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო დიდი საკოცნერტო დარბაზის ბილეთების 85% უკვე გაყიდულია და მცირე რაოდენობა მსურველებს ჯერ კიდევ ელოდება საიტზე tkt.ge. აღსანიშნავია, რომ „თიბისი სტატუსის“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ყველაზე მაღალი ფასის ბილეთის ღირებულება კი 100 ლარი გახლავთ, რომელსაც ბარათის დახმარებით 80 ლარად შეიძენთ, ხოლო დაბალი ღირებულების – 50 ლარი და მას 40 ლარად შეიძენთ, თუკი „თიბისის“ შესაბამისი ბარათით ისარგებლებთ.

პეტ მეთინიმ, საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად, ვახტანგ კახიძისა და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორის არაფორმალურ ვითარებაში გაცნობის სურვილი გამოთქვა. მათ რესტორან „შავ ლომში“ უმასპინძლეს, სადაც სტუმრებმა გემრიელი კერძების გამო აღფრთოვანება გამოთქვეს, თუმცა ალკოჰოლი არ გაუსინჯავთ. ამ შესანიშნავ გარემოში პეტ მეთინიმ ვახტანგ კახიძესთან ერთად 2 მარტისკონცერტი დეტალურად განიხილა.

თბილისის რიგით 22- ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორიასოკარი“.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g