21-23 სექტემბერს ბათუმი, წელს უკვე მესამედ, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს- Ad Black Sea 2017-ს უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო ”შერატონში” გაიმართება და მისი ორგანიზატორები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოს ასოციაცია და უკრაინის სარეკლამო კოალიცია არიან.
როგორც ”ფორტუნას” ფესტივალის დამფუძნებელმა, ვატო ქავთარაძემ განუცხადა, ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტებისთვის საერთაშორისო მოედანს წარმოადგენს. Ad Black Sea 2017-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაა.
”წელს ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 20-ამდე ქვეყნის სარეკლამოს ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. კვალიფიური ჟიური კი მათ ნამუშევრებს შეაფასებს და შესაბამის ჯილდოებსაც გადასცემს”, -აღნიშნა ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, წელს სარეკლამო-საკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეები თავის საუკეთესო კრეატიულ სარეკლამო პროექტებს წარადგენენ 10 ნომინაციაზე: Film, Film & Craft, Print & Publishing, Out of Home, Radio, Design & Branding, Digital & Mobile, Advertising Campaigns, Media, Branding Content & Visual Storytelling.
”ფესტივალში მონაწილეებს, ტრადიციულად, შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სარეკლამო სფეროს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების არაერთგზის მონაწილეები და გამარჯვებულები, მათ შორის, Cannes Lions-ის” – განმარტა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის დამფუძნებელმა.
როგორც ვატო ქავთარაძემ აღნიშნა, ჟიური გამარჯვებულ მონაწილეებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვებს. საუკეთესო კომპანიას კი გადაეცემა გრამპრი. ფინალური შედეგები 23 სექტემბერს Ad Black Sea 2017-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.
ცნობისთვის, საქართველოში ფესტივალი Ad Black Sea პირველად 2015 წელს ჩატარდა. 2017 წელს კი ღონისძიება სახელმწიფო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.