სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია დღეს დასრულდა. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პატიმრებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და შტატების ოპტიმიზაციის გზით პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალისთვის ხელფასების გაზრდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 21 იანვარს, პარლამენტში განაცხადა.
“რეორგანიზაციის შედეგად, ყველა პენიტენციური დაწესებულების, მათ შორის N 18 და N19 სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს თანამდებობრივი სარგო გაეზარდა. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თითოეული ექთანი (სულ 153 ექთანი) ხელფასის სახით მიიღებს 1260 ლარს 900 ლარის ნაცვლად.
ექიმის ხელფასი გახდა 1600-2000 ლარი, ნაცვლად 1300-1500 ლარისა;
აგრეთვე დაემატა ექიმი-ფსიქიატრის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 2500 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და ძირითადად N18 სამკურნალო დაწესებულებას უნდა მოემსახუროს;
უფროსი ექიმის ხელფასი გახდა 2000 ლარი, ნაცვლად 1800 ლარისა;
დაწესებულების სამედიცინო პუნქტის უფროსის ხელფასი გახდა 3500 ლარი, ნაცვლად მანამდე არსებული სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის 2500-3300 ლარისა.
შეიქმნა მთავარი ექიმის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 4000 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და კონკურსის გზით შეივსება. მოცემულ ახალ პოზიციაზე მომუშავე მთავარი ექიმი რეგიონული უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და კურატორობას გაუწევს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვას და იზრუნებს განვითარებაზე” – წერია წულუკიანის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, სარგოს მატება შეეხოთ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს (სანიტრები, დიასახლისები), რომელთა ხელფასიც იყო 700-770 ლარი და გახდა 900 ლარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეორგანიზაციის დაწყების პროცესის შესახებ, 2019 წლის 8 ნოემბერს ყველა თანამშრომელმა კანონით დადგენილი წესით შეიტო.