2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები, 2018 წლის 1–ელი იანვრიდან ძალას კარგავს.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ძალას კარგავს ასევე “ლურჯი” მართვის მოწმობების C, D და სხვა კატეგორიები.
2006 წლის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობები, (A და B კატეგორიის გარდა) 2018 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს.
ვადაგასული მართვის მოწმობების განახლება ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ხდება.
განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების საფასურს – 16 ლარს გადაიხდიან.
“ძველი მართვის მოწმობების განახლება ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ხდება, რაც შეეხება ლურჯ მართვის მოწმობებს B კატეგორიას მას ვადა 2028 წლამდე აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ ძველი მართვის მოწმობა მოქალაქეს დაკარგული აქვს, ბარათის დამზადების საფასურთან ერთად, ის აღდგენის ფასსაც იხდის”, – განუცხადეს “ფორტუნას” მომსახურების სააგენტოში.
მართვის მოწმობის განახლება შსს-ს მომსახურების სააგენტოში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
“აუცილებელი არ არის დაელოდონ ძალის დაკარგვას, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ და განაახლონ. რა დღესაც შეცვლიან, იმ დღიდან 15 წლის ვადით მიეცემათ მართვის მოწმობა”, – განმარტეს მომსახურების სააგენტოში.
თამთა უთურგაშვილი