LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში” – ივლიტა ჯიბუტის მამა

4472
BeFunky-collage

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმ და მარიამ ქუთელიას დამ, ლიკა ქუთელიამ “შაბათის კურიერთან” 5 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს.

“ზუსტად 12 საათზე მარიამის ზარი შემოვიდა და მომიკითხა, უცბად დაინახა, რომ წყალი შემოვიდა და თითქოს იქაც გადაულაპარაკა ალბათ ივლიტას და მის მეუღლეს წყალი შემოვიდაო და კარგი, კარგი წავედიო, სწრაფად დამემშვიდობა… ალბათ ამ წყალმა იმატა, ისინი ავიდნენ სახურავზე და სახურავიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდნენ. ითხოვდნენ ვერტმფრენს. მიჭირს იმის მონელება, რომ ვერტმფრენის საშუალებით, რეალურად 40 წუთი იყო დრო, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო, ეს დახმარება ვერ მიიღეს,”- ამბობს ლიკა ქუთელია.

ტრაგედიის დღე აღწერა ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმაც.

“პირველის 35 წუთზე მირეკავს, ცოცხალი იყო და რომ ჩამოვედი უკვე წაღებული… სახურავზე იყო, ხშირად ვურეკავდი, მოვდივარ ნუ გეშინია. თავში არ მომდიოდა არაფერი ცუდი, 6 ბიჭი მომყვებოდა მაშველები… ჩემი სიძე წამოედო განათების ბოძს და იმან გადაარჩინა, ესენი ერთხანს ეჭირა ჩემს სიძეს, მაგრამ მერე რაღაც დაეჯახა,  ჩაძირა და გაექცა ხელიდან. მე რომ ჩამოვედი ამოდიოდა წყლიდან და ტიროდა, ყვიროდა…”- ამბობს გიორგი ჯიბუტი.

გიორგი ჯიბუტიმ ისიც აღნიშნა, რომ ტრაგედიის შემდეგ მის ოჯახში ორი ივლიტა გაჩნდა.

“2015 წლის შემდეგ 2 ივლიტა გაჩნდა ჩემს ოჯახში, ჩემს შვილს ლუკას შეეძინა ივლიტა და ჩემს გოგონას თეკლასაც, ორივემ ივლიტა დაარქვას. რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა ივლიტა დავარქვი ჩემს შვილსო. ასე რომ ივლიტას ხსოვნა გრძელდება,”- ამბობს გიორგი ჯიბუტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g