განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ყოველ წელს მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ იმ პედაგოგებს რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია.
„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს – რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.
ზოგიერთ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება
რომელი პედაგოგები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას?
მიხეილ ბატიაშვილი სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ მეტ-ნაკლებად ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება და პედაგოგს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ძირითად სახელმძღვანელოდ გამოიყენებს მას თუ დამხმარედ.
„იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას” მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მითუმეტეს, “აი ია” წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ,” – განაცხადა ბატიაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრი სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გამოცდებისთვის მიღებული ცოდნა ზედაპირულია.
„ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება.
განათლების დღევანდელი შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია.
სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება“, – დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.