LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრი: დაახლოებით 27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერა

145
გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე.

ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება – ჯამში 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.

მინისტრის თქმითვე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა გაორმაგდა.

გიორგი ამილახვარის თქმით, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.

„აქამდე სტიპენდია თუ გაიცემოდა, საშუალოდ, 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრი დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. გიორგი ამილახვარი უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

magti 5g