LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 150 მლნ ლარის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა – თორნიკე რიჟვაძე

84
თორნიკე რიჟვაძე

2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა ექვსივე მუნიციპალიტეტში აშენდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და უკვე შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება აღნიშნული პროექტები.

“არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთის მხრივ იყოს ხარისხიანი და ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ყველა დონეზე ვუმასპინძლოთ და გავმართოთ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მომდევნო წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი და ქალაქი შესაბამისად მოემზადოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის. იწყება სარაგბო სტადიონების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე ერთ-ერთი პროექტი რომელიც მომდევნო წელს განხორციელდება იქნება ჭადრაკის სასახლის მშენებლობა“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, გუშინ, შუახევის მუნიციპალიტეტში „ფიფას“ სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. ქობულეთში პროექტირების სამუშაოები ახალი სასპორტო კომპლექსის მშენებლობისთვის დასკვნით ეტაპზეა. ასევე, ხელვაჩაურში და ქედაში ახალი სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი აშენდება.