ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2023 წლისთვის 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიიმართება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ“, რომელიც მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა და რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
სააგენტოს თანახმად, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ 2023 წელს ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველომ ექსპორტზე ჯამში 232.6 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რომლის 64.5% რუსეთში გაიყიდა.