Toyota-მ მსოფლიო ავტო ბაზრის ლიდერობა შეინარჩუნა. 2024 წელს იაპონურმა ავტო გიგანტმა და მისმა „შვილობილმა“ 10,8 მილიონი ავტომობილი გაყიდეს მთელ მსოფლიოში. თუმცა, ეს რეკორდი ნამდვილად არ არის: 2023 წელთან შედარებით გაყიდვებმა 3,7 პროცენტით იკლო, რაც სამშობლოში მოთხოვნის მკვეთრ კლებას უკავშირდება. რეიტინგის მეორე პოზიციაზე Volkswagen Group განთავსდა, ხოლო მესამე – Hyundai-მ დაიკავა.
Toyota-ს და Lexus-ის საერთო გაყიდვები 2024 წელს 1,4%-ით შემცირდა და 10,2 მილიონი მანქანა შეადგინა.
იაპონელებისთვის წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა აშშ-ში, სადაც მოთხოვნა გაიზარდა ჰიბრიდებზე. ამასთან, ჩინეთში – მსოფლიოს უდიდეს ავტო ბაზარზე – ინტერესმა 6,9%-ით იკლო, რაც ადგილობრივ ბრენდთა მხრიდან ზეწოლის ბრალია.
რაც შეეხება Volkswagen Group-ს, მან ბევრად ნაკლები ავტომობილის რეალიზება შეძლო ვიდრე Toyota-მ და Lexus-მა ერთად, საუბარი დაახლოებით 9 მილიონ ერთეულზეა. ეს კი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,3%-ით უფრო ნაკლებია.