LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს – ჯანდაცვის მინისტრი

150
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება ასევე აქტიურად მუშაობს სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხზე.

„მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას იღებს, ექნება ვალდებულება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. ეს იქნება ჩვენს მიერ შეთავაზებული 5 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი და მხოლოდ ამ აკრედიტაციის შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ, უბრალოდ ამ მთავრობის სხდომაზე ამის გამოატანა ვერ მოესწრო და ვფიქრობ, რომ მომდევნო მთავრობაზე გამოვიტანთ – ეს არის სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხი, რომელიც გვინდა, რომ 2024 წლიდან სავალდებულო შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა თუ სახარჯი მასალა მკაცრად გაკონტროლებული იქნება. ეს არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი ნაწილი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა დღესვე რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილება დაფარავს დაახლოებით 1100 და მეტი ბრენდული დასახელების მედიკამენტს.

„დაახლოებით 1 თვის წინ კანონში შევიტანეთ ცვლილება, სადაც განვსაზღვრეთ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასწარმოქმნის მექანიზმის შემოღება. პარლამენტმა მთავრობას დაავალა, რომ განესაზღვრა მეთოდოლოგია და წესი, თუ როგორ განისაზღვრება ქვეყანაში 1-ელი იანვრიდან 27 ქრონიკული და ონკოლოგიური მოლეკულის ფასი. ეს დაფარავს დაახლოებით 1100 და მეტი ბრენდული დასახელების მედიკამენტს. ფასწარმოქმნა იქნება 2 დონეზე, რადგანაც მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამიტომ ორ დონეზე განვსაზღვრავთ ფასს – ეს იქნება როგორც ორიგინალი მედიკამენტების ფასის დონეზე მაქსიმალური საბითუმო ჭერი, ასევე გენერიკული დასახელებით საბითუმო მაქსიმალური ჭერი. 5-დან 100 ლარამდე ფასნამატის გაკეთება შეეძლებათ პროცენტულად საცალო ქსელებს. ავიღებთ მაქსიმალურ საბითუმო ფასს და აქედან გამომდინარე, აფთიაქებს შეეძლებათ მარჟების დამატება, რომელიც მერყეობს 15%-დან 20%-მდე, ხოლო 100 ლარის ზემოთ მედიკამენტზე ფიქსირებულად მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეიძლება.

ამასთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით. სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი, სადაც ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ისე სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე გვყავს საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ნერგავდა რეფერენტულ ფასწარმოქმნას. სხვადასხვა ქვეყნის კარგი თუ ცუდი გამოცდილება გვაქვს გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ ის მეთოდოლოგია, რომელიც დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე და ასევე ყველანაირ კომერციულ თუ გონივრულ ინტერესს, რა შემთხვევაშიც ფარმაცევტულ კომპანიებს ექნებათ იმის ინტერესი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება შეძლონ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2026 წლისთვის სახელმწიფომ მოსახლეობისთვის ქრონიკული მედიკამენტებისთვის უნდა დაფაროს მინიმუმ 92%. დღეს თუ ჯიბიდან გადახდები გვაქვს ძალიან მაღალი, რაც ბევრ კვლევაში და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში არის აღნიშნული – რაც 30%-35%-ის ფარგლებში არის სახელმწიფოს მონაწილეობა, ეს უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g