LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წლიდან ევროპის აეროპორტებში ბარგის პლასტმასის ფირით შეფუთვა აიკრძალება

111
ქირიას NEWS შაბლონი (4)

2030 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე აეროპორტებში მგზავრები ჩემოდნებისა და ჩანთების ერთჯერადი პლასტმასის ფირით შეფუთვას ვეღარ შეძლებენ. ანალოგიური აკრძალვა გავრცელდება რკინიგზის სადგურებზეც.

ცვლილებები ევროკავშირის შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების შესახებ რეგლამენტის (Packaging and Packaging Waste Regulation – PPWR) ნაწილია, რომლის მიზანიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

პლასტმასის ფირით ბარგის შეფუთვა დღეს ფართოდ გამოიყენება, რათა ჩემოდანი ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან, დაბინძურებისგან ან შემთხვევით გახსნისგან იყოს დაცული. თუმცა 2030 წლიდან მგზავრებს ალტერნატიული საშუალებების გამოყენება მოუწევთ, როგორიცაა მრავალჯერადი დამცავი ჩასაცმელები, სპეციალური ღვედები ან საკეტები.

ამავე რეგულაციის ფარგლებში ევროპის სასტუმროებში აიკრძალება ერთჯერადი, მცირე ზომის შეფუთვებში მოთავსებული შამპუნები, შხაპის გელები, ლოსიონები, საპნები და სხვა ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც თითოეულ სტუმარზეა გათვლილი.

მათ ნაცვლად სასტუმროებს მრავალჯერადი დისპენსერების ან ახალი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი შეფუთვის გამოყენება მოუწევთ. ევროპის არაერთი სასტუმრო ამ მოდელზე უკვე გადავიდა.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ შეფუთვის რაოდენობას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთით ან დღით გამოიყენება და მალევე ნარჩენად იქცევა.

გარდა ამისა, 2030 წლიდან მსგავსი შეზღუდვები გავრცელდება კაფეებსა და რესტორნებზეც. დაწესებულებებში ადგილზე მირთმევისას მომხმარებლებს კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, შაქარი, მარილი, ნაღები და სხვა სანელებლები ერთჯერად პლასტმასის შეფუთვებში აღარ მიეწოდებათ.

თუმცა რეგულაცია არ შეეხება შეკვეთებს გატანისა და მიტანის სერვისისთვის, ასევე გამონაკლისი დაიშვება სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები