Forbes Georgia გლობალური ეკონომიკის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის უახლეს ანგარიშს ეფუძნება.
კვლევის თანახმად, გლობალური ეკონომიკის ზრდის ვექტორი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვლება. კერძოდ, უახლოეს მომავალში აზია გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უმსხვილესი რეგიონული კონტრიბუტორი გახდება.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა აზრით, აზიის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი 2050 წლისთვის $90.6 ტრილიონი იქნება, რაც გლობალური მშპ-ის 40%-ს წარმოადგენს. ჯამური მშპ კი $227.9 ტრილიონს გაუტოლდება.
2050 წლისთვის $38.3 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს ცენტრალური ევროპა, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ერთად შექმნის.
ანგარიშის თანახმად, განვითარებული ბაზრების ჯამური მშპ-ის მოცულობა $82.9 ტრილიონს გაუტოლდება, რაც მთლიანი წილის 36%-ს წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამურ განაწილებაში ეს დრამატული ცვლილება იქნება, ვინაიდან, შედარებისთვის, 2000 წელს, განვითარებულ ეკონომიკებზე გლობალური მშპ-ის განაწილების 77% მოდიოდა.
მკვლევართა პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ჩინეთს ექნება ($41.9 ტრილიონი). აშშ კი, რომელიც ამჟამად ამ თვალსაზრისით ლიდერია, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს ($37.2 ტრილიონი). მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო $22.2-ტრილიონიანი მშპ-თი ინდოეთი იქნება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიას განვითარებული ბაზრის სტატუსი აქვს, ამიტომ ის აზიური სახელმწიფოების სიაში არ შეიყვანეს.
რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, 2050 წლისთვის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტემპები ოდნავ შემცირდება და ის გლობალური მშპ-ის მხოლოდ 7%-ზე იქნება პასუხისმგებელი.