3 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაციის „ონკოლაინ ჯორჯიას“ წარმომადგენლები სოფო ფირანიშვილი და გვანცა ტყემალაძე სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარ დიაგნოზზე, წარმატებულ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე ისაუბრეს.
– სოფო, შესაძლოა უცნაურად ჟღერს ტერმინი „ყოფილი ონკოპაციენტი“, თუმცა თქვენ მართლაც შეძელით ვერაგი დაავადების დამარცხება. პირველ რიგში, საინტერესოა, რა დიაგნოზით მოგიწიათ სიმსივნესთან ბრძოლა?
– 21 წლის ვიყავი, როცა ოსტეოსარკომის დიაგნოზი დამისვეს, სამწუხაროდ, მხოლოდ მესამე სტადიაზე გახდა შესაძლებელი დაავადების დადგენა. სიმართლე ვთქვა, საერთოდ არ მახსოვს მანამდე როგორ ვცხოვრობდი, რადგან საზარელმა დიაგნოზმა რადიკალურად შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. დაახლოებით 2 წელი საკუთარი დაავადების გასააზრებლად დამჭირდა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან საკმაოდ იშვიათი დაავადება მქონდა და ამ დიაგნოზით სხვა პაციენტების მოძიებაც გამიჭირდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ურთულესი პროცესი გავიარე, თუმცა არასდროს მიფიქრია დანებება და საკუთარ მდგომარეობას შეგუება, პირიქით, ისე შევხედე საკუთარ დიაგნოზს, როგორც მსუბუქ გაციებას და შესაძლოა, სწორედ ამიტომ შევძელი ავადმყოფობის დაძლევა. ხაზი მინდა გაუსვა „ყოფილი პაციენტის“ ცნებას, რომელიც ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს. მართალია, დიდი დრო დამჭირდა დაავადების მისაღებად, მაგრამ ბევრად რთული აღმოჩნდა დაჯერება, რომ სიმსივნე დავამარცხე და სრულად გამოვჯანმრთელდი. მიხარია, რომ საკუთარი თავის თავიდან გაცნობა და მიღება შევძელი. მართალია, დაავადებამ თავისი კვალი დატოვა და დღეს შშმ პირის სტატუსი მაქვს, რადგან პერიოდულად ტკივილს ვგრძნობ და ონკოპროთეზით ვსარგებლობ, მაგრამ პოზიტიურ განწყობას მაინც არ ვკარგავ.
– გვანცა, როგორი იყო თქვენი დიაგნოზი?
– მე ძუძუს კიბოსთან მიწევს ბრძოლა, რომლითაც უამრავი ქალი იტანჯება, თუმცა დაავადების დროულად დადგენის შემთხვევაში, მისი განკურნებაც შესაძლებელია. ზოგადად, არ ღირს ონკოდიაგნოზის სასიკვდილო განაჩენად მიღება, რადგან სწორი მკურნალობის და შესაბამისი განწყობის შემთხვევაში ნებისმიერი დაავადების დაძლევა შეიძლება. სიმსივნესთან ბრძოლის დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან ჯერ ჰოჯკინის ლიმფოგრანულომატოზის, მერე ფარისებრის ჯირკვლის კიბოს დამარცხება შევძელი. საბედნიეროდ, ახალი წარმონაქმნი პირველ სტადიაზე აღმოვაჩინეთ, სწრაფად ჩავიტარე მკურნალობის კურსი, რომელიც წინა ორთან შედარებით ბევრად მსუბუქი გამოდგა და პრაქტიკულად უკვე გამოვჯანმრთელდი. წლების წინ სიმსივნე განაჩენს ნიშნავდა, ყველა ჩუმად გითანაგრძნობდა და ვერავინ ბედავდა ხმამაღლა საუბარს. მართალია, პირველი დიაგნოზის დროს ძალიან პატარა ვიყავი და კარგად არ მესმოდა რა ხდებოდა, მაგრამ გარკვეული ფსიქოლოგიური ტრავმა მაინც მივიღე, რომელიც ცნობიერებაში დაილექა და ალბათ სამუდამოდ დარჩება. კარგია, რომ დღეს მსგავსი სტიგმა აღარ არსებობს და ადამიანებს ღიად, გულწრფელად შეუძლიათ საკუთარ დაავადებაზე საუბარი.
სოფო ფირანიშვილი და გვანცა ტყემალაძე გადაცემის წამყვანთან, თიკო დაბრუნდაშვილთან ერთად
– სოფო, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტისთვის დაავადებაზე ღიად საუბარი?
– პირადად მე არასდროს მიფიქრია დიაგნოზის დამალვა, ბევრს უკვირდა კიდეც როგორ ვახერხებდი ასე გახსნილად და პირდაპირ ასეთ მძიმე თემაზე საუბარს. სამწუხაროდ, ბევრი საკუთარ თავში იკეტება და ვერ ხვდება, რომ ასე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
– რა მიზნით დააარსეთ კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“?
– მსგავსი ორგანიზაციის შექმნი იდეა ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, როცა უამრავი ადამიანმა გაიზიარა ჩემი გასაჭირი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ონკოკლუბის ამოქმედება, რომელიც მხოლოდ ონკოპაციენტებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, რადგან ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა და გაგება. მართალია, კლუბი 5400 ადამიანს აერთიანებს, მაგრამ ჩვენ მაინც ერთი ოჯახივით ვართ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ზრდასრულ პაციენტს ღებულობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კლუბი საკუთარი ტკივილისა და წუხილის გასაზიარებლადაა, თუმცა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს, რადგან ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება ძვირადღირებული მედიკამენტებით.
– გვანცა, რატომ გადაწყვიტეთ კლუბში გაწევრიანება?
– ძალიან მომეწონა სოფოს ისტორია, რომელიც გამძლეობისა და სიმამაცის საუკეთესო მაგალითია. ხშირად, სწორედ სიტყვებია საჭირო მხარდაჭერისა და იმ იმედის გასაძლიერებლად, რომელიც ონკოპაციენტებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კლუბში ყოველთვის შეიძლება საკუთარი ტკივილის გაზიარება და სხვისი გამოცდილების გათვალისწინება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცი, რომ არასდროს დარჩები მარტო.
– სოფო, ძალიან საინტერესო წიგნი „კიბოსთან ერთად და მის შემდეგ“ გამოიცა თქვენი ავტორობით. რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი წიგნის დაწერა?
– წიგნმა ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი გააერთიანა. ადრეული ასაკიდან ვაკეთებდი ჩანაწერებს, რადგან მხოლოდ წერა მამშვიდებდა. სწორედ საკუთარ ჩანაწერებს მოვუყარე თავი წიგნში, მოგვიანებით კი, ფოტოებით გავაფორმე, რომლებიც თავის დროზე ძალიან მაღიზიანებდა. განსაკუთრებით მძიმედ მახსოვს თმისცვენის პერიოდი, რომელიც იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ ბალიშზე თავის დადებაც გამიჭირდა. შესაძლოა, სწორედ მაშინ გავიაზრე საკუთარი მდგომარეობა, ახალი გამოცდილება შევიძინე და სრულიად განსხვავებულ ცხოვრების წესი მივიღე. მართალია, ბევრი რამის შეცვლას ვცდილობდი და ვერ ვახერხებდი, მაგრამ იმედს და შემართებას მაინც არასდროს ვკარგავდი.
– გვანცა, თქვენ ბევრად რთული და ემოციური პერიოდი გამოიარეთ, რადგან მშობლებიც ონკოპაციენტები არიან. რა გახდა თქვენთვის ბრძოლის მთავარი მოტივაცია?
– მთავარი განწყობა იყო, რადგან სწორედ ჩემს განწყობაზე იყვნენ დამოკიდებული ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა, პერიოდულად ყველას უჩნდება განმარტოების და ტირილის სურვილი, თუმცა მე ბრძოლა ვარჩიე, რათა ბევრად უკეთესი დედა ვყოფილიყავი შვილებისთვის და საკუთარი მაგალითით გამემხნევებინა მშობლები. შესაძლოა რთულია, მაგრამ ყველამ უნდა სძლიოს საკუთარ თავს და უიმედობას, არავითარ შემთხვევაში არ თქვას უარი ცხოვრებაზე და ისევე გააგრძელოს აქტიურობა, როგორც სიმსივნის გაჩენამდე, რადგან სწორედ ასე შეიძლება უძვირფასესი გამარჯვების მოპოვება.
– რამდენად აუცილებელია ონკოპაციენტისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება?
– (გვანცა ტყემალაძე) პირადად მე არასდროს მიმიმართავს ფსიქოლოგისთვის, რადგან წლების წინ მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა. ბავშვობიდან თვითონ ვიყავი საკუთარი თავის ფსიქოლოგი, თუმცა ყოველთვის მეხმარებოდნენ მეგობრები და ახლობლები. ვფიქრობ, საკუთარ პრობლემებზე ფსიქოლოგთან საუბარი მხოლოდ სიკეთის მომტანია, ამიტომ ნებისმიერმა უნდა მიმართოს, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება.
– (სოფო ფირანიშვილი) ძალიან დამეხმარა ნათია ფანჯიკიძე, რომელიც 21 წლისამ გავიცანი და მას შემდეგ საკუთარ ფსიქოლოგად მივიჩნევ, რადგან ცხოვრების ყველაზე ეტაპზე მიერთგულა და არც უფიქრია მიტოვება. ძალიან ბედნიერი ვარ ნათიასთან მეგობრობით, ამიტომ ყველას ვურჩევ დროულად მიმართოს ფსიქოლოგს, რათა თავიდან აიცილოს ის დაბნეულობა და უგუნებობა, რომელიც ყოველთვის ახლავს ონკოდაავადებას. მე ფსიქოლოგთან ერთად ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირდა, რადგან ონკოპროთეზმა ნარკოტიკების მიღება მაიძულა. ორივემ უზარმაზარი დახმარება გამიწია, მეტიც, მხოლოდ მათი ხმა მესმოდა ყველაზე მძიმე მომენტებში, როცა ყველაფრის ხალისს ვკარგავდი და არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა.