LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო კონფერენცია Geoderma 2024 – აკნეს მკურნალობის უახლესი გაიდლაინი

1022
აკაკი-მეფარიშვილი-&-თინა-ქიტუაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თინა ქიტუაშვილი და კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის კლინიკური მენეჯერი აკაკი მეფარიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე Geoderma 2024-ზე ისაუბრეს.

– ქალბატონო თინა, როგორ გაჩნდა მსგავსი კონფერენციის დაარსების იდეა და როგორ განვითარდა წლების მანძილზე?

– 2004 წელს საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის შექმნის შემდეგ, პრაქტიკულად ყოველ წელს ტარდება მსგავსი კონფერენცია, რომელიც ძველი და ახალი თაობის სპეციალისტების გაცნობას, უახლესი ინფორმაციისა და მიღწევების გაზიარებას უწყობს ხელს. მართალია, პანდემიის პერიოდში მცირე შეფერხება გვქონდა, მაგრამ 2022 წელს ისევ აღვადგინეთ კონფერენციის ფორმატი, წელს კი, 20 წლის იუბილე აღვნიშნეთ და მოსაზღვრე დისციპლინების წარმომადგენლებიც მრავლად მოვიწვიეთ. ტრადიციულად ვუმასპინძლეთ უცხოელ სპეციალისტებსაც, ვისთანაც წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ.

ჩვენი ასოციაცია ყოველთვის მხარდამხარ მიჰყვება უცხოელ კოლეგებს, მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთის სტუმრობას და ურთიერთმიღწევების გაზიარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ უფასოდ, ზოგჯერ კი, შეღავათიან ფასად ყოველთვის გვაქვს ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების უცხოეთში გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება, მით უფრო, რომ დერმატო-ვენეროლოგია მუდმივად ვითარდება და ჩვენც მაქსიმალურად ვცილობთ ავუწყოთ ფეხი სიახლეებს. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანდა დერმატოსკოპიის, დერმატოქირურგიისა და დერმატოონკოლოგიის ასოციაციებიც. წელს სწორედ ვიწრო სპეციალობების იმ უცხოელ წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ, რომელთაც პრაქტიკულად შექმნეს ეს მიმართულებები. 

სხვათა შორის, სწორედ საკუთარი აქტიურობით მოიპოვა დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს აღიარება კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, რაც ერთის მხრივ, დიდი პატივია, თუმცა მეორეს მხრივ, პასუხისმგებლობა და ვალდებულებებიც ერთ-ორად მოგვემატა.

– ბატონო აკაკი, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა. რამდენად გეხმარებათ მსგავსი პარტნიორობა გამოცდილების გაზიარებაში?

– კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი შექმნის დღიდან თანამშრომლობს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციასთან და მათთან ერთად ახორციელებს მეტად საინტერესო პროექტებს. აქტიურად ვურთიერთობთ უცხოელებთანაც. მართალია, თავიდან მეტწილად მათგან ვისმენდით რჩევებსა და რეკომენდაციებს, მაგრამ ახლა სრულფასოვანი პარტნიორები ვართ და ისინიც ისევე ინტერესდებიან ჩვენი მიღწევებით, როგორც ჩვენ მათი ინოვაციებით.

– ქალბატონო თინა, როგორ შეაფასებთ ქართულ დერმატო-ვენეროლოგიას, რამდენად შესაძლებელია მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოში?

– თავიდან ძალიან მოკრძალებულად წარვადგენდით საკუთარ თავს. მეტიც, როცა სრულად შეიცვალა კომპეტენციები, გაჩნდა დერმატოქირურგია, დერმატოსკოპია და თერაპიულთან ერთად ქირურგიულმა პაციენტებმაც მოგვმართეს, ჩვენ კვალიფიკაციის ამაღლება მოგვიხდა, რადგან ნაკლები გამოცდილება გვქონდა ამ სფეროებში. პირადად მე ანკარაში გავიარე კვალიფიკაცია საორგანიზაციო საკითხების შესასწავლად. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობდით გერმანულ და ჰოლანდიურ კლინიკებთან, საიდანაც მთელი ოთხი წელი ჩამოდიოდნენ სპეციალისტები ოპერაციების ჩასატარებლად. სწორედ მათ გადაამზადეს ჩვენი 10 ახალგაზრდა ექიმი დერმატოქირურგებად. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთგვარი მასწავლებლების როლში და თავისუფლად შეგვიძლია გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება სხვას. სამწუხაროდ, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა მოიკოჭლებს, თუმცა ინტელექტითა და პროფესიონალიზმით ნამდვილად არავის ჩამოვრჩებით.

– ბატონო აკაკი, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები ახალგაზრდებისთვის მათი პროფესიული აღზრდისა და დახვეწისთვის?

– რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციები, რადგან ინტენსიურად ურთიერთობენ უფროსი თაობის მედიკოსებსა და უცხოელ კოლეგებთან, რაც საკუთარი პროფესიის ბევრად ფართოდ და მასშტაბურად შესწავლაში ეხმარებათ.

– ქალბატონო თინა, თქვენ აკნეზე – ყოველთვის აქტუალურ დერმატოლოგიურ პრობლემაზე მოამზადეთ მოხსენება კონფერენციისთვის. რა სიახლეებია ამ სფეროში?

– აკნეს მართვის უამრავი გაიდლაინი არსებობს, რომლებიც მუდმივად განახლების პროცესშია. ძალიან საინტერესო პროგრამა გვქონდა წლევანდელ კონფერენციაზე, ახალგაზრდა ექიმებმა საკუთარ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადეს მოხსენებები იშვიათ დაავადებებზე, რაც ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.

– ბატონო აკაკი, თქვენი აზრით რატომაა აუცილებელი კანის პრობლემების დროს დერმატოლოგთან ვიზიტი და არა კოსმეტოლოგთან, რომელთაც მეტწილად აკითხავენ პაციენტები?

– ნებისმიერი, მით უფრო ინიექციური ზემოქმედება კანზე – დერმატოლოგის პრეროგატივაა და არა კოსმეტოლოგის. სამწუხაროდ, უამრავი დილეტანტი, ვისაც აბსოლუტურად არ აქვს სამედიცინო განათლება, მით უფრო გამოცდილება დერმატოლოგიის სფეროში აძლევს საკუთარ თავს ამგვარი მანიპულაციების ჩატარების უფლებას. პაციენტმა მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტს უნდა მიმართოს, რადგან სწორედ სერტიფიკატი ადასტურებს მის პროფესიონალიზმს. აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ პრობლემას ორივე მხარის სასარგებლოდ გადავწყვეტთ.

– რამდენად აუცილებელია დერმატოლოგებისა და ვენეროლოგების თანამშრომლობა?

– რა თქმა უნდა აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ასოციაციის შექმნაც, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენი დარგების განვითარება. ჩვენი კლინიკა, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარში უჭერს ასოციაციას, სლოგანით „ყველაფერი ერთ სივრცეში“ მუშაობს, რაც კანთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ერთ კლინიკაში მოგვარებას გულისხმობს. მსგავსი კლინიკა არა თუ კავკასიის რეგიონშია ერთადერთი, არამედ ევროპაშიც. უცხოელი ექიმები ხშირად აღნიშნავენ ამ მიღწევას, რითაც ჩვენც ძალიან ვამაყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g