გერმანიის ქალაქ კელნში სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. Anuga 2023-ში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 23 ქართული კომპანია მონაწილეობს.
მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ორ პავილიონშია წარმოდგენილი. საკვები პროდუქტების პავილიონში გამოფენილია ქართული კომპანიების ნაწარმი: თხილი და თხილის პროდუქტები, ნუში, ნიგოზი,მოცვი, ჯემები, თაფლი, მშრალი ხილი და ჩურჩხელა და ე.წ. ready to eat პროდუქცია. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი,ლიმონათი და ჩაი.
Anuga სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
Anuga-ს ყოველწლიურად საშუალოდ 7 500 მონაწილე ჰყავს და 165 000 ვიზიტორი სტუმრობს.
ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამოფენაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს.