კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს აგრძელებენ.
24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული დღე-ღამის განმავლობაში წესების დარღვევის სტატისტიკას აქვეყნებს:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 53 ფიზიკური პირი.
დაჯარიმებულებს შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 737 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
უწყება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.