LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის სოფლის რწმუნებულმა სკოლა წელს დაამთავრა: მისი ცოლი და ცოლის დაც ორ წელიწადში აიღებენ ატესტატს

330
dsc-1000-5

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის რწმუნებულმა სკოლა წელს დაამთავრა და ატესტატს თანაკლასელებთან ერთად, ივნისში მიიღებს. რწმუნებული 29 წლისაა, თუმცა მას მხოლოდ 9-წლიანი სწავლის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა. ამის შესახებ სოფლის სკოლის დირექტორმა “სხვა ნანუკას” ეთერში განაცხადა, რომელიც თავის დროზე რწმუნებულის თანაკლასელი იყო.  მისი განმარტებით, რწმუნებულმა თორღვაძემ გასულ წელს, მე-10 კლასში ჩააბარა, თუმცა წელს მან ექსტერნის წესით დამატებითი სასწავლო პერიოდი დასძლია. დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლე თორღვაძე რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდშიც კი დადიოდა სკოლაში და ესწრებოდა გაკვეთილებს.

„ლევან თორღვაძე შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც 9 კლასის განათლება ჰქონდა. ამიტომ კანონი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდეც. შარშან მეათე კლასში ჩავრიცხეთ, მისივე მოთხოვნის საფუძველზე ექსტერნების საშუალებით კლასის დონე დაძლია. იმ პერიოდისთვის ეს ადამიანი არ გახლდათ სოფლის რწმუნებული. ის 2020 წლის თებერვალში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ამ დროს ისევ დადიოდა სკოლაში და ესწრებოდა გაკვეთილებს. ჰქონდა გაცდენებიც. ჩვენი სოფლის რწმუნებული ჩემი კლასელიც იყო ერთი წელი. როგორც მახსოვს და ვიცი, ერთხელ ჩარჩა კიდეც კლასში და ამის გამო გაიყვანეს სკოლიდან. მან უკვე მეთორმეტე კლასი დაასრულა და ივნისში, როდესაც დაიწყება ატესტატების გაცემა, ისიც აიღებს” – აცხადებს სკოლის დირექტორი გიორგი ბუღრიძე.

კასრიწყლის საჯარო სკოლა

 

მან ასევე ისაუბრა  ყოფილი თანაკლასელის თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდზე და განმარტა, რომ რწმუნებულის განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მას დაბრალდა. ბუღრიძე ასევე აცხადებს, რომ მისი სკოლის მე-10 კლასში სწავლობს რწმუნებულის 29 წლის ცოლი და ცოლის დაც. დირექტორის თქმით, სკოლაში სულ 20-მდე მოსწავლე ირიცხება, რომელთა ასაკი 29 წელია.

“სოფლის რწმუნებულის მეუღლეც ჩვენი სკოლის მოსწავლეა, მისი ასაკი, დაახლოებით 28-29 წელი იქნება. ქალბატონი ამჟამად მეათე კლასშია. მას დადებით მოსწავლედ ვაფასებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სოფლის რწმუნებულის ცოლის დაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა და ისიც მეათე კლასშია. გარდა ამისა, სანამ კატის გამოცდები მოიხსნებოდა, გვყავდა 37 წლის სკოლის მოსწავლე, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. საერთო ჯამში, გვყავს 15-20 მოსწავლე გვყავს, რომელთა ასაკი 29 წელია” – ამბობს სკოლის დირექტორი.

 

ცნობისათვის: სოფელი ახმეტიდან 162 კილომეტრში, ხოლო დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრშია. აქ არის ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის მეცხვარეების საზამთრო საძოვრების ცენტრალური დასახლება. სოფლის ახლოს მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი კასრისწყლის გორასამარხები.
გასართობად სოფელში სულ ორი ადგილია – მოედანი (სკვერი), ასევე სპორტული სტადიონი. სოფელს ასევე აქვს კულტურის სახლი, რომელიც მხოლოდ ნახევრადაა შეკეთებული და არ ფუნქცონირებს.

სოფელს 1966 წლამდე ელდარი ერქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g