თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია და სადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა დღეს დილიდან მგზავრებს ვერ ემსახურებოდა. შეფერხება სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით იყო გამოწვეული.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, სადგური 3 საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.
”სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანების გამო, მატარებელი დაბალი სიჩქარით იმართებოდა. მგზავრებს ეს დისკომფორტი რომ არ ჰქონოდათ, მოძრაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ.