LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 თვემდე ასაკის ბავშვი, რომელსაც 38 გრადუსზე მეტი აქვს ტემპერატურა, მშობელმა აუცილებლად უნდა გადაიყვანოს კლინიკაში“ – პედიატრი ეკა გეთია

180
ეკა-გეთია

წარმოადგენს თუ არა შეუპოვარი ცხელება და ხველა, ბავშვის კლინიკაში გადაყვანის წინაპირობას. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, ექიმმა, პედიატრმა ეკატერინე გეთიამ ისაუბრა

„თუ ხველა და ცხელება ორივე ერთად არსებობს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმპტომებია და ეს მწვავე ვირუსულ ინფექციებს ახლავს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციების გარდა, ხველას შეიძლება ისეთი გამომწვევი მიზეზები ჰქონდეს, როგორიცაა ალერგია, ცივი სასმლის მიღება, ცივი ჰაერის შესუნთქვა და ა.შ. ხველის მექანიზმში ყოველთვის წამყვანია ისეთი ნოზოლოგიები, როგორიცაა ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, თუმცა ღრმად და შორს წასულ სიტუაციებში გვაქვს ხოლმე ისეთი გართულებები, როგორიცაა პლევრიტი, პნევმონია. ვერ ვიტყვი, რომ პირველივე დახველებაზე აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას, თუმცა მშობლების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირგვლივ ხედავს ახლობელ ადამიანებს, რომელთაც ძალიან სწრაფად გაურთულდათ სიტუაცია და საკმაოდ სერიოზულ გამწვავებამდე მივიდნენ. შესაბამისად, ყველა მშობელი ცდილობს პედიატრთან დაკავშირებას და თუნდაც მინიმალური დანიშნულების მიღებას.

როდის არის აუცილებელი, ვირუსის დროს, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა – ეკა გეთიას რეკომენდაციები

რაც შეეხება ცხელებას, ეს ორგანიზმის დაცვითი, შეგუებითი რეაქციაა. ცხელებით პაციენტი შეიძლება სახლის პირობებშიც იმყოფებოდეს, თუმცა თუ გავიხსენებთ მის მექანიზმს, უნდა ხდებოდეს სითბოს წარმოქმნა და სითბოს გაცემა და თუ სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის ადეკვატური ბალანსი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იწყება ის, რისიც მშობლებს ეშინიათ, შემცივნება, სიფერმკრთალე, ხელის და ფეხის გულების გაციება, სიცხე არ ემორჩილება დამწევს და ა.შ. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ იმის დიფერენცირება, თუ რა პერიოდში უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

საყურადღებოა ხველა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გახშირება, გაძნელება. მინდა, გამოვყო ბავშვების ცალკე ჯგუფი, რომლებიც ცხელების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ თავიანთი მცირე ასაკიდან გამომდინარე. 3 თვემდე ასაკის პაციენტი, რომელსაც 38 გრადუსზე მეტი აქვს ტემპერატურა, მშობელმა აუცილებლად უნდა გადაიყვანოს კლინიკაში, თუნდაც სახლის პირობებში უკვე მიცემული ჰქონდეს სიცხის დამწევი. ასევე კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ 3-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვები, რომელთაც 39 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აქვთ. აქ მარტო მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე არ არის საუბარი, ცხელებით შეიძლება დაიწყოს სხვადასხვა პათოლოგიებიც, საშარდე გზების ინფექციები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომელსაც მოჰყვება ხოლმე გადაცდენები, რომელთა შედეგადაც მიმდინარეობს ხოლმე გართულებული ოტიტები“ – აცხადებს პედიატრი.

„ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია ხველის სამკურნალო მეთოდი არ არის“ – ეკატერინე გეთია სპაზმური ხველის მკურნალობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები