9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლური დღეა. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამ ტრაგიკული მოვლენების ხსოვნის პატივსაცემად, გარდაბანში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან 9 აპრილის სახელობის პარკამდე მოეწყო მსვლელობა, მემორიალთან ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა, ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანიის“ მონაწილეობით თემატური ღონისძიება გაიმართა.
„დღეს, პატივი მივაგეთ 36 წლის წინ ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა ხსოვნას — იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებისთვის გაწირა.
მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ ის გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაწირეს.
დიდება ჩვენს გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის!“- განაცხადა დავით კარგარეთელმა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.