„სამწუხაროდ რა მდგომარეობაშიც დღეს სასამართლო იმყოფება, ამას არ შეცვლის ის კოსმეტიკური ცვლილებები, რაზეც დღეს პარლამენტმა იმსჯელა“,-ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს ე.წ კლანური მმართველობისგან.
„სასამართლო სისტემა არის ე.წ მოსამართლეთა კლანის ხელში. იმისთვის, რომ „კლანური“ მმართველობა დასრულდეს, ამას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება.
ახალ კანონპროექტში ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებამდე ე.წ კლანის საბჭოში შემავალ მოსამართლეებს კომუნიკაცია ჰქონდა პარლამენტთან. ის შინაარსი რაც კანონში დევს, არსებითად არაფერს შეცვლის.
ამჟამად უვადოდ არჩეულია 16 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი დეკემბერში დაიწყო და გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა პროცესმა იანვრიდან არასტაბილური ხასიათი მიიღო და ეს ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ცვლილებების შესახებ წინასწარ უთანხმდებიან ე.წ კლანს
რაც არ უნდა შეიცვალოს კანონში, ყველას ექნება კოსმეტიკური ხასიათი. ე.წ კლანური მმართველობა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში შესატანი ცვლილებები.
„ქართული ოცნების“ წევრები ხაზს უსვამენ, რომ დაინიცირებული ცვლილებები უპასუხებს ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.
კანონპროექტის ავტორის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან არ რჩება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არსებული ისეთი საკითხი, რომელიც არ შესრულდა. ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ სარჯველაძე არიან, კანონპროექტის ავტორი კი ანრი ოხანაშვილია.
პროცედურის მიხედვით, პროექტზე დეპუტატები ახლა საკომიტეტო ფორმატში იმსჯელებენ, ხვალ კი მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.