ახალი წელი, ახალი გამოწვევები, ახალი რეგულაციები – მოკლედ, ახალ წელს ყოველთვის თან მოაქვს უამრავი სიახლე, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. 2020 წლის 1 იანვარს ქართულ რეალობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა, რომლის 5-ულსაც გთავაზობთ.
მაშ ასე, 5 ეკონომიკური სიახლე, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევიდა:
პენსია
2020 წლის პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია გაიზარდა. გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. ცვლილება ეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე). 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირებიც.
ავტომობილები
2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება.
პროდუქტის უსაფრთხოება
2020 წლის 1 იანვრიდან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ცვლილების მიზანი ის არის, რომ პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა ერთი და იმავე ორგანომ არ განახორციელოს. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ია.
წყლის ტარიფი
2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა სემეკის მიერ საოჯახო სასტუმროებისთვის დამტკიცებული სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი, ე.წ. ჰიბრიდული ტარიფი. ახალი ტარიფი შეეხება მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებს, რომლის მფლობელებიც არიან ფიზიკური პირები და სასმელ წყალს ყიდულობენ როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.
დასაქმება
ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდა. სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.