LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 მილიონიანი ქვეყანაა და შარშან ასობით ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ძირითადად არავაქცინირებული პირები”

page

დანიაში მცხოვრები ქართველი გიორგი კუჭუხიძე საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებაზე წერს. ის ამბობს, რომ იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობს, სწორედ იგივე ვირუსია ცირკულაციაში, თუმცა პანიკა და სიკვდილიანობა ნაკლებია. ამ განსხვავების მიზეზად, ის ვაქცინაციას ასახელებს.

“ამ საყოველთაო ისტერიაში ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით: გავიგეთ, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მთავარი კითხვა, რაც ისმის, არის, რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი “მძიმე” სურათი, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი. სამწუხაროდ, სიკვდილიანობა გრიპს ყოველთვის თან ახლავს. ძირითადად კვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები ან არ იცავენ წესებს: არ რჩებიან სახლში მოსვენებულ მდგომარეობაში, არ იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს და გართულების შემთხევაში, ძალიან გვიან მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავის ტკივილია. ვერ ან არ ვიმახსოვრებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გრიპის შესახებ:

  1. გრიპი ძალიან ბევრ სეზონურ ვირუსებს შორის ყველაზე საშიში ვირუსია და ყოველ წელს გვხვდება
  2. გრიპის შემთხვევები იმატებს სიცივეში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ანუ მითია, რომ იძახიან – “კარგმა ყინვებმა ვერ მოარტყა ერთი, რომ გაწყვიტოს ვირუსები”
  3. გრიპი გვხვდება სხვა დროსაც, უბრალოდ ერთეული შემთხვევები. სწორედ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აღმოჩენილი გრიპის ვირუსები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალური დაწესებულებები აღმოაჩენენ ხოლმე, იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, რომელი გრიპის ვირუსი იქნება სავარაუდოდ გავრცელებული და ამის მიხედვით ხდება გრიპის ვაქცინის შექმნა, რომელიც როგორც წესი, შეიცავს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 3 ან 4 ყველაზე ხშირად აღმოჩენილი გრიპის ვირუსის შტამებს.
  4. გრიპის ვაქცინას ამზადებენ არააქტიური ვირუსისგან, შესაბამისად, აცრით გრიპი თეორიულადაც ვერ დაგემართებათ, ესეც ყველაზე გავრცელებული მეორე მითი – გრიპის აცრით შეიძლება დამემართოს გრიპი. აცრის გაკეთება შესაძლებელი ხდება ოქტომბრიდან და ეს გახლავთ ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი, გრიპის სეზონი დაწყებული არ არის და თქვენ იმუნურ სისტემას სათანადოდ ამზადებთ (აცრიდან 2 კვირაა საჭირო, რომ თქვენი იმუნური სისტემა მოემზადოს, ამ პერიოდში შეიძლება გრიპი ვინმესგან გადმოგედოთ და დაგემართოთ, ვაქცინისგან დამოუკიდებლად)
  5. ყველამ უნდა გაიკეთოს თუ არა გრიპის აცრა? უნდა აიცრას ყველა ის ადამიანი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, ასევე ბავშვები და მოხუცები. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხალხი დაცული იყოს და სეზონის განმავლობაში ნაკლებად გვამცნონ ტელევიზიით გრიპით გარდაცვალების შესახებ დრამატული ინფორმაცია. ჯანმრთელებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მე მაგალითად ყოველ წელს ვიცრები, არ მინდა ჩემი ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდის მოწყობა. თუმცა ზოგადად, თუ დაცული იქნება ის მინიმალური წესები, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, როგორც წესი, ჯანმრთელი ორგანიზმი გრიპის ვირუსს ერევა. მაგრამ თუ არ აიცრებით და გრიპი შეგხვდებათ, მზად უნდა იყოთ რომ 40 გრადუსამდე სიცხით, ძალიან სუსტ მდგომარეობაში იქნებით რამოდენიმე დღე, შედეგად იქმნება დისკომფორტი ორგანიზმისთვის და დიდი ალბათობა იმისა, რომ ნერვული ფონის გათვალისწინებით, ბევრ სისულელეს იფიქრებთ და არ გამორიცხოთ, რომ გააკეთებთ კიდეც (მაგალითად წყალბადის ზეჟანგი დაგესიზმრებათ და შეიძლება ეს მოგეჩვენოთ, როგორც ნიშანი ზეციდან..)
  1. აცრა როგორ მზადდება მოგიყევით, ვინაიდან პროგნოზი კეთდება გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მიხედვით და პროგნოზი ვერ იქნება 100%-იანი, არის ხოლმე შემთხვევები, რომ ზუსტად ის 3-4 ვირუსის შტამი არ აღმოჩნდება ხოლმე ცირკულაციაში გრიპის სეზონზე. ამ შემთხვევაში აცრას იმხელა ეფექტი აღარ ექნება და იქმნება შემდეგი ყველაზე გავრცელებული მითი – ვაქცინა არ მუშაობს.

ვაქცინა მუშაობს და არის ერთადერთი საშუალება დაეხმაროთ თქვენს იმუნურ სისტემას და შეხვდეთ ზამთრის სეზონს მშვიდად.

პ.ს. ამჟამად დანიაში ვცხოვრობ და აქაც გრიპის სეზონია. იგივე შტამია ცირკულაციაში, რაც საქართველოში, უბრალოდ ადამიანებმა იციან ყველაფერი ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ და მშვიდად ხვდებიან სეზონს. 5 მილიონიანი ქვეყანაა და შარშან ასობით ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ძირითადად მოხუცები და მაღალი რისკის მქონე არავაქცინირებული პირები,” – წერს გიორგი კუჭუხიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g