LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-5 პრეზიდენტი ქალი – რა უფლებებით ისარგებლებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი

salomezurabishvili

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა  კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველის ხმათა 59.52% მიიღო, საქართველოს მოსახლეობამ 28 ნოემბერს პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩია. არსებული კონსტიტუციით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, როცა პრეზიდენტი ხალხმა პირდაპირი წესით აირჩია. მმართველმა გუნდმა კონსტიტუციური პროექტის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ახალი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა პირდაპირი წესით, პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ მოხდება, რომელიც პარლამენტისა და თვითმმართველობის 300 წარმომადგენლით დაკომპლექტდება.

პრეზიდენტის უფლებამოსილებები

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს საქმიანობა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად მოუწევს.

ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური და ამასთანავე, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იქნება და საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.

პრეზიდენტი ჩართული იქნება მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში, ექნება მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება.

კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაც. დოკუმენტით, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს პრემიერმინისტრის თანახელმოწერა სჭირდება, თუმცა პრემიერის თანახელმოწერა არ დასჭირდება პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც უკავშირდება: პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას; პრემიერმინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცესკო თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; მსჯავრდებულთა შეწყალებას; საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას, პარლამენტის არჩევნების დანიშვნას; პარლამენტის დათხოვნას; თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტის დათხოვნა პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეეძლება თუ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის შემადგენლობას ვერ ამტკიცებს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით განახორციელებს – წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

ამასთან, კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფოს სახელით სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება დადოს და პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დანიშნოს.

კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილება. კერძოდ, დოკუმენტით, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის ძალების მეთაურს, ასევე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში, მთავრობის წარდგინებით კი, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა შეაჩეროს ან დაითხოვოს, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტს უფლება ექნება, პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმიც დანიშნოს.

პარლამენტმა კონსტიტუციური პროექტი მიმდინარე წლის 23 მარტს დაამტკიცა, რომლის განხილვა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად წარიმართა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2019 წელს 9 800 000 ლარი იქნება. ეს თანხა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხარჯებისთვის 9 409 000 ლარია გათვალისწინებული, არაფინანსური აქტივების ზრდა კი 391 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად 5 მილიონი ლარი იქნება.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე – ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები