50 რამ, რასაც ბავშვის გაჩენის შემდეგ აღმოვაჩენთ – ეს არის საინტერესო პოსტი, რომელიც ინტერნეტში ძალიან პოპულარულია. ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც ბავშვის დაბადება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პოსტი ქალის თვალით დაგანახვებთ, როგორი რადიკალური ცვლილებები მოაქვს გამორჩეულად ქალისთვის ბავშვის შეძენას.
- გიჩნდება ერთი დიიიდი სუსტი წერტილი.
- ბავშვის გაჩენის წამიდან თავი გმირი ხან გგონია, ხან უსუსური არსება, ხან რობოტი, ხან ალქაჯი, ხანაც არავინ.
- ემშვიდობები თავისუფალ დროს და პირად სივრცეს.
- შესაძლებელია ცალი ხელით: ჭამა, სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, კბილების გახეხვა, მაკიაჟის გაკეთება, მუშაობა, გაუთავება, ამ სტატუსის დაწერა და ა.შ.
- არსებობს რამდენიმე სახის ტირილი – კივილი, ჭუჭყუნი, წუწუნი, ზუზუნი,პროტესტი, ჩივილი, სოსკამინდა ტირილი, ვინმემამიყვანეთ ტირილი, მშიატირილი, მინდადავტირივარ ტირილი, ყურადღებამომაქციეთ ტირილი, მართლატირილი.
- ხდები სასტიკად მოწყვლადი და ადვილი მსხვერპლი გარკვეული ბიზნესებისათვის, რომლებიც ვაჭრობენ სათამაშოებით, სხვადასხვა საბავშვო დეკორაციით, ფოტოსესიებით, ათასგვარი გამოუსადეგარი ხარახურით, რომლებსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, მაგრამ მაინც ყველაფერს ყიდულობ.
- აღარ გახსოვს როდის იყიდე ბოლოს რაიმე შენთვის.
- შესაძლებელია 3 საათში გამოძინება.
- შესაძლებელია სახლში მოჩვენებასავით გადაადგილება, როცა ბავშვს სძნავს.
- შესაძლებელია ისეთმა ფაქტმაც კი გაგაბედნიეროს, როგორიც ბავშვის კუჭში გასვლაა.
- რამდენიმე წლით ადრე უნდა დაგეწყო ფულის გროვება პამპერსებისათვის.
- შენი შვილის თითოეული აღუს, ამოსუნთქვისა თუ ფეხის გაქნევის შესახებ უყვები ყველას და საერთოდ ვერ ამჩნევ, რომ ეს მათ ისევე არ აინტერესებთ, როგორც შენ არ გაინტერესებდა სხვა ბავშვების.
- გავიწყდება როგორ ღიზიანდებოდი სხვები დღეში ბავშვის მილიონ ფოტოს რომ აქვეყნებდნენ და შენც მასე იქცევი.
- ერთი შეხედვით ხვდები რა აწუხებს და რა უნდა ბავშვს.
- სუნავ მის ტანსაცმელს და კოცნი სურათებს.
- საშინლად გენატრება როცა სძინავს.
- არსებობს ადამიანი, რომელსაც ღამეში 15-ჯერ გაღვიძებას პატიობ და მეტიც – მაინც გიყვარს.
- გგონია, რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი შვილი შენ გაგიჩნდა.
- გიხდება ორბის მზერა, ძაღლის ყნოსვა, გეპარდის სისწრაფე, ლომის ძალა, გველის მოქნილობა და კურდღლის გული.
- ჩიტები გალობას დილის 5-ის ნახევრიდან იწყებენ.
- თურმე უამრავი საბავშვო სიმღერა გცოდნია.
- გიჩნდება ზებუნებრივი ძალები, რასაც დასვენების აუცილებლობა მინიმუმამდე დაჰყავს.
- ყოველ დღე აღარ ისმენ კითხვას – „ორსულად არ ხარ?“ რჩევას – „ამა და ამ ექიმთან მიდი, სასწაულებს ახდებს“, ნუგეშს – „როცა უფალი ინებებს მაშინ იქნება,“ „ჩემი მაზლის მეზობლის მულს 9 წელი არ ჰყავდა და ახლა ანგელოზივით ბავშვი ჰყავს, თან ბიჭი!“ და ბოლოს დატუქსვას – „არ შეილება მასე, ღმერთს ნუ სცოდავ, ოჯახში ბავშვი აუცილებელია!“
- ყოველ დღე ისმენ კითხვას – „მეორეს როდის აპირებ?“
- არსებობს გოგოს და ბიჭის პამპერსი.
- თურმე შესაძლებელია დილიდან საღამომდე უახლოეს პარკში იჯდე და თურმე არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ასე იქცევიან.
- ცხოვრებაში ორ ადამიანში უნდა გაგიმართლოს – ქმარში და პედიატრში.
- შენს ჩანთაში სარკეს, პომადას, ტუშს, ბლოკნოტს, ყურსასმენებს და სუნამოს ანაცვლებს სოსკა, პამპერსი, ჩხრიალა სათამაშო, სადორბლე, ბავშვის სათადარიგო ტანსაცმელი და სათადარიგოს სათადარიგო ტანსაცმელი.
- როცა ბავშვი თავისთვის, წყნარად არის და გინდა, რომ მასე გაგრძელდეს, არასოდეს უნდა შეხედო თვალებში!
- წევრიანდები დედების ჯგუფებში. შედეგად იღებ ცოტა სასარგებლო და ბეეეევრ უსარგებლო ინფორმაციას.
- გგონია, რომ შენი შვილი სულ მშიერია.
- ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთადერთი რამ გაქვს საოცნებო – ძილი.
- ის რომ ტირის, შენც გეტირება.
- ქვეყანა არ არის გათვლილი დედებზე.
- ნანობ ადრე რომ კიცხავდი ქალებს, რომლებიც შვილს ხალხში აჭმევდნენ.
- აფთიაქში ისეთი სიხშირით ხარ, ხალხს თანამშრომელი ჰგონიხარ.
- ყველას ეჭვის თვალით უყურებ, ვინც ბავშვს ეკარება და გგონია შენსავით ვერავინ მოუვლის.
- ყველაზე კარგად შენსავით ახალბედა დედებს უგებ/გიგებენ.
- საკმარისია მამამ ერთხელ დაიტოვოს ბავშვი და ყველას თვალში გმირი ხდება. საკმარისია ერთხელ აჭამოს, დაბანოს, ან პამპერსი გამოუცვალოს და უკვე ყველასთვის საოცნებო მამაკაცია.
- დასაქმებული დედა – განსხეულებული სასწაული; ორ ადგილას დასაქმებული დედა-ზეციური ძალების არსებობის დასტური; სამ (და მეტ) ადგილას დასაქმებული დედა – პარანორმალური მოვლენა.
- ვერ ხვდები, რას უშვრებოდი ამდენ თავისუფალ დროს ადრე.
- პირველი სიცხე… ამისათვის მომავალ დედები ფსიქოლოგიურ მომზადებას რამდენიმე წლით ადრე უნდა იწყებდნენ.
- ლაპარაკობ მრავლობითში – ვჭამთ, გვძინავს, მუცელი გვტიკვა, აცრა გავკეთეთ და ა.შ.
- როგორ ხასიათზეც ხარ შენ, ისეთ ხასიათზეა ბავშვიც.
- ყოველ წამს ხვდები, რომ ის შენზე ჭკვიანია.
- თუ კარგი შვილი გინდა, ჯერ თავად უნდა გახდე კარგი.
- გინდება ყველაფერი დაიკიდო, რისთვისაც მთელი ცხოვრება გიწვალია და გიშრომია, როცა ბავშვი პირველად გამოგეტირება, ან როცა შენი სახლში მისვლით სიხარულს ჭყლოპინით, ხელ-ფეხის ქნევით, თავისებური ჩახუტებებით, შენი სახის დალოღვნით (რასაც შენ კოცნას არქმევ) და ზოგჯერ ნაწყენი ტირილით გამოხატავს.
- ვერ ხვდები სად ეტევათ ამდენი სიყვარული მრავალშვილიან მშობლებს.
- სამყარო იყოფა ორად – ის და დანარჩენები.
- შენთვის წელთაღრიცხვა მისი დაბადებიდან იწყება.