მაისი საუკეთესო თვეა მოგზაურობისთვის, რადგან დღე მატულობს, ამინდი მშვენიერია, განწყობა კი, ფანტასტიკური, ნამდვილი საგაზაფხულო. სამოგზაუროდ გამგზავრება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება, რადგან მაისის თვეში მსოფლიოს ყველა ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი და მომხიბლავია.
დოდეკანესის კუნძულები, საბერძნეთი – ეგეოსის ლაჟვარდოვანი ზღვა და ანტიკური არქიტექტურა, მეზღვაურთა სოფლები და თეთრად შეღებილი პატარა სახლები – დოდეკანესის 12 დიდი და მცირე ზომის კუნძული, საუკეთესო ილუსტრაციაა კლასიკური ტურისტული წარმოდგენისა კუნძულოვან საბერძნეთზე. ნამდვილი ბერძნული ცხოვრების გასაცნობად სტუმართმოყვარეობით განთქმულ, ვულკანოვან კუნძულ ნისიროსს ეწვიეთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ხელოვანთა შორის სარგებლობს, კუნძულ სიმიზე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში შეგიძლიათ ისადილოთ, პატმოსზე კი, ბიზანტიური არქიტექტურის ძეგლები დაათვარიელოთ.
მალტა – ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიასა და ტუნისს შორის ჩაკარგული მალტა ევროპული და აფრიკული კულტურის საინტერესოა ნაზავია, სადაც მაისის თვეში განსაკუთრებით სასიამოვნო ამინდია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დღისით ბრინჯაოსფერ ქვიშაზე, მზეზე ნებივრობით იჯეროთ გული, საღამოს კი, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და მეთევზეთა სოფლები შეისწავლოთ. თუ დრო საკმარისი გაქვთ, ევროპის ყველაზე პატარა დედაქალაქში – ვალეტაში გაემგზავრეთ, სადაც ტრადიციული მალტური სამზარეულო, ხმელთაშუაზღვის კოლორიტითაა „შეკმაზული“.

