„პირველი მოგებული სტრასბურგი“, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი და აღნიშნავს, რომ ადამიანის ევროპულმა სასამართლომ 2015 წელს „არა პანორამას“ აქციაზე დაკავებული 7 მონაწილე გაამართლა.
„2015 წელს, ამ ტრანსპარანტის გამო დამაკავა ოცნებამ.
ნატა ფერაძემ და კიდევ 10 ჩვენიანმა (მაშინ არცერთს ვცნობდი) სოლიდარობის ნიშნად იგივე წარწერა დაიკავეს ხელში და ისინიც ეგრევე დაიჭირეს რამდენიმე წუთში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ამ ძალიან ყოჩაღი ხალხის დაუღალავი მონდომებით საქმე გასაჩივრდა, თუმცა დამარცხდა ყველა ინსტანციაში. 7 წლის და 6 თვის შემდეგ სტრასბურგმა გაგვამართლა. მადლობა ყველას, ვინც არ დანებდით და ბოლომდე მოჰყევით ამ საქმეს“, – წერს გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე.
აღნიშნულ დავაზე განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. მათი ცნობით, საია პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)“ თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის სახელით საქმეს აწარმოებდა, რომელზედაც გადაწყვეტილება დღეს გამოვიდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) მუხლის დარღვევა და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილება მიანიჭა.