რამდენიმე წუთის წინ დმანისში სროლის ხმა ისმოდა. დაპირისპირებაში მონაწილეების ვინაობა უცნობია, თუმცა ინციდენტის შედეგად დაჭრილია დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი. ინფორმაციას “ფორტუნასთან” ადასტურებს შს სამინისტრო. უწყების განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 236 მუხლით დაიწყო.
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტი წინასაარჩევნო პროცესების გაგრძელებაა და მისი განმარტებით, ეს დმანისში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხის არეში 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.
“8 ჯერ გვესროლეს. ამბავი ერთი საათის წინ მოხდა. იმედი მაქვს გამოძიება დაიწყება. წინასაარჩევნოდ ხედავდით რაც ხდებოდა, ეს გაგრძელებაა. დავიცავით ჩვენი ხმები და ეს მოხდა. 2 ტყვია მოხვდა ფეხში” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი მერაბ ოქრიაშვიული „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ახლო ნათესავია.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოყავთ.