LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თვეში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა

55

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 3,375,959 მგზავრს მოემსახურა. რაც 25 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2,130,469 მგზავრი).

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აგვისტოში 461,051 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (413,347 მგზავრი ). ხოლო 8 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა (2,565,226 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის აგვისტოში 44 %-ით გაიზარდა და 72,210 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება 8 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  382,325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე – 283,355 მგზავრი).

 ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის აგვისტოში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 121,298 მგზავრმა ისარგებლა. რაც 12% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (108,262 მგზავრი). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 8 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24 %-ით გაიზარდა და 422,888 მგზავრი შეადგინა. (342,299 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 8 თვეში 5,520 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 251 რეისი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები