პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით, 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი აეროპორტების Top 10-ში მოხვდა.
ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის – მესამედ მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.
Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.