დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მომავალს აშორებს.
აღნიშნულის შესახებ გამყრელიძე „ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ წერილში წერს:
„ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე. დიდმა ქართველმა თქვა – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“, ამიტომ მოკლედ შევეცდები ჩემი შეხედულება გამოვხატო:
1. გავიმეორებ იმავეს, რაც შარშან მარტში განვაცხადე ჟურნალისტებთან – ეს კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრი, ე.ი შევიდეთ ევროკავშირში (ამასთან, შარშანდელთან განსხვავებით დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს) და გვიცავდეს ნატოს ფარი. ამიტომ დარწმუნებით ვთქვი შარშან რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებდა და ასეც მოხდა. მოსახლეობის აქტივობის და პროტესტის შემდეგ კანონი ჩავარდა (გაიწვიეს უკან).
2. იგივე აზრზე ვარ წელსაც. კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში.
ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლეობა მას არ მიიღებს და არ აღასრულებს. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი.
ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერენდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.
3. კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“.
დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის. ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი.
კანონის ავტორებო და ხელმომწერებო, გთხოვთ გავითავისოთ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევები და საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალდზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა! მშვიდობიანი და ბედნიერი აღდგომა საქართველოს!!! განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას!!!”- წერს ამირან გამყრელიძე.
ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით…
Posted by Amiran Gamkrelidze on შაბათი, 04 მაისი, 2024