LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგუნა, დაბადების დღეს ასე არ უნდა გილოცავდე, მაინც გამოგიცხე ტორტი.. ეს თაიგული შარშან დეიდამ აჩუქა, არც ფოთლები სცვივა და არც ვარდი იშლება ფურცლებად“ – შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგი გუტაშვილს მისი და, მარიტა გუტაშვილი ემოციურ სტატუსს უძღვნის

606
მარიტა გუტაშვილი

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგი გუტაშვილს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, მისი და, მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის.

„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

„არ ვიცი, როგორ ვუძლებ დღევანდელ დღეს…

საერთოდ როგორ ვუძლებ ამდენს…

უკვე ვეღარც ვკითხულობ – „რატომ?“, პასუხი მაინც არავის არ გვაქვს.

13 მაისიც მოვიდა და.. ვერც კი გადმოვცემ, რა ხდება ჩემში.

მეგი.. მეგუნა.. მეგო… დაბადების დღეს ასე არ უნდა გილოცავდე.. დღეს ორივენი ერთად სხვაგან უნდა ვიდგეთ… არ მინდა ასე… მაგრამ, მაინც გამოგიცხვე ტორტი, ისე, როგორც ადრე დედა გიცხობდა. წარმოდგენაც არ მაქვს, ამ ტორტმა რა უნდა აღნიშნოს… სანთლები არსაიდან მობერილმა ქარმა უნდა ჩააქროს ისევ ისე, როგორც 30 მარტს გიგის დაბადების დღეზე. ეს ყველაფერი უკვე რეალობასაც გასცდა და კაცმა არ იცის, სად ჯანდაბაში მივექანებით ყველანი ერთად.

ბირთვამოცლილ დედამიწას ვგავართ მთელი ოჯახი მეგის გარეშე. ის იყო ჩვენი მამოძრავებელი ძალა, სიცოცხლის ბედნიერება და ცხოვრების სილაღე. მეგის გარეშე ვერც ერთი ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს საკუთარ თავში. კიდევ კარგი, რომ მისი სიცილის ხმა ისევ მახსოვს და ვიმეორებ ხოლმე გონებაში, რომ არ დამავიწყდეს. ყველაზე მეტად მენატრება ჩვენი მაიმუნობები, არასასურველ ზარზე რომ ტელეფონებს ვცვლიდით, ჩვენ ხმას ერთმანეთისგან მაინც ვერავინ არჩევდა.. ზოგიერთი გარეგნულადაც გვამსგავსებდა (საერთოდ არ ვგაგართ), მაგ დროს უბედნიერესი ვიყავი, შენსავით ლამაზი ვყოფილვარ-მეთქი ვეუბნებოდი და დამცინოდა, ჩერჩეტი ხარო. ნეტავ შენი ბუზღუნი ამ პოსტის წაკითხვის მერეც მესმოდეს…

ფოტოზე ვარდების თაიგულია, დღეს ერთი წლის. დაჭკნა, მაგრამ არც ფოთლები სცვივა და არც ვარდი არ იშლება ფურცლებად. შარშან დეიდამ მეგის აჩუქა დაბადების დღეზე თავისი ბაღიდან. ასე ხელუხლებელი დღესაც სახლში გვიდგას. ვერსად მიგვაქვს, უფრო მეტიც, არც კი გვიფიქრია, რომ სადმე უნდა წავიღოთ. უბრალოდ ვუყურებთ როგორაა დროში გაყინული. მგონია, რომ ჩვენც ამ თაიგულივით დავჭკნით და გავიყინეთ. ასე გაჩერებული ტვინი კი დღემდე ვერ უშვებს იმ ფაქტს, რომ ვინმე გვაკლია ოჯახში…

მეგუნა ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში. ყველა ტკბილი და გემრიელი მოგონება მას უკავშირდება. ვისაც დის სიყვარული გამოგიცდიათ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ… იმედი მაქვს, მეყოფა ძალა, ნელ-ნელა მოგონებები მოგიყვეთ და უკეთესად გაგაცნოთ ჩემი ჭკვიანი კისკისა გოგო“, – წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქვეყნისთვის არის ტრაგედია შენი აღარ ყოფნა.. ერთხელაც რომ ენახე ვინმეს, არასდროს დაგივიწყებდა, სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

„მეგი, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი, გრუნის კურსდამთავრებული…გიგის პირველკურსელთა შორის ველოდებოდით, გაუსაძლისი ტკივილია” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შოვში დაღუპულ და-ძმაზე

არ ვიცი როგორ ვუძლებ დღევანდელ დღეს… საერთოდ როგორ ვუძლებ ამდენს… უკვე ვეღარც ვკითხულობ – "რატომ?" პასუხი მაინც…

Posted by Marita Gutashvili on კვირა, 12 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g