LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: „ძვირფასო ჯენზი, ის, რაც 30 წელიწადში დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, თქვენი გასაგრძელებელია, ლელო თქვენი გასატანია და ბურთიც ევროპაშია დასამიწებელი“

1012
თეა გვასალია

ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესში ახალი თაობის აქტიური ჩართულობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

გვასალია პარალელებს ავლებს ახალ „ჯენზ“ თაობასა და მის თაობას შორისაც, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ასევე შემართებით იბრძოდა, თუმცა სხვა დროში, მოცემულობასა და გარემოებებში:

„ძვირფასო ჯენზი, ზუსტად თქვენს ასაკში, თქვენსავით კარგად არ ვიყავით ჩაცმულები და მობილურები არ გვეჭირა ხელში, თორემ ზუსტად თქვენნაირი შემართებით, კატეგორიულად და უკომპრომისოდ ვიდექით იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ და საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდით.

და რადგან თქვენ „ნაცების“ დროს საბავშვო ბაღში დადიოდით და წინა ორი მთავრობაც მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოდან იცით, მოკლედ გეტყვით, რომ ყველამ კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა.

ყველა მათგანის ფატალური შეცდომა, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაწყვეტა, საკუთარი თავითა და საქმეებით ხიბლში ჩავარდნა და მხოლოდ უახლოესი გარემოცვიდან მიღებული დითირამბებით დაკმაყოფილება იყო, რომლის წევრებიც უნისონში უმეორებდნენ ბელადს, რომ ბედნიერი მოსახლეობა 24 საათს მათზე ლოცვაში ატარებდა.

30 წელიწადზე მეტია დამოუკიდებლები ვართ და მართალია შორიდან ისე ჩანს, თითქოს ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ სინამდვილში კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ. თქვენ რომ არაფრად მიგაჩნიათ, ის შუქი და გაზი, ჩვენთვის ლამის 10 წელი იყო სანატრელი.

თბილისის სასაფლაოები სავსეა 90-იანებში, „წამალში გაპარული“ თქვენხელა გოგო-ბიჭების, ქვეყნის გენოფონდის საფლავებით, ვნახეთ სამოქალაქო, აფხაზეთის და აგერ სამაჩაბლოს ომი. ყველა მთავრობის გაკეთეული საქმეებიც ვნახეთ და გაფუჭებულიც.

ყველაზე ცუდი, რაც ჩვენისთანა პატარა ერს შეიძლება დაემართოს, ერთი მხრივ „ტვინების გადინება“, მეორე მხრივ ორად გახლეჩა და ერთმანეთის დაჭმაა. ჩვენ ორივე ერთად გვჭირს.

მაგრამ ნახეთ რამხელა პროგრესია: ჩვენ რომ დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდით, მენშევიკების დროშას ვაფრიალებდით და შავლეგოს ვმღეროდით, თქვენ ევროკაშირის დროშები გქვთ მხრებზე მოხურული და უცხოურ ტელეარხებს მათ ენებზე აძლევთ ინტერვიუებს.

ის, რაც 30 წელიწადში დიდი ძალისხმევით მოვიპოვეთ, თქვენი გასაგრძელებელია, ლელო თქვენი გასატანია და ბურთიც ევროპაშია დასამიწებელი.

„ძველებმა“ კომპიუტერის კლავიშები რომ ამოყარეს ერთმანეთის გინებით და წყევლით, თქვენ „ახლები“, ანთებული გულებით დგახართ, ევროპისკენ მიმართული მზერით და რა ბედნიერებაა რომ ჯერ ისე არ დაგმძიმებიათ სულები, განსხვავებულად მოაზროვნე თანატოლებს ოჯახების ამოწყვეტა უსურვოთ.

ევროპა არ არის სამოთხე და ელდორადო, იქაც არიან ჰომოფობები, მკვლელები, მოძალადეები, პედოფილები და კორუმპირებული ჩინოვნიკები. მაგრამ რადგან საზოგადოებრივი მოწყობის უკეთესი მოდელი ჯერ არავის შეუქმნია, ჩვენი ადგილი იქაა, სადაც კანონის უზენაესობა სუფევს და სადაც ქვეყნის პრიორიტეტი ადამიანთა უფლებების დაცვა და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

ჩემს თაობას რომ ჯენიქსი რქმევია, ახლა გავიგე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჯენიქსი, მილენიალები, ჯენზი და პატარა ალფები ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას და იმ სანატრელი ლურჯი დროშის 12 ვარსკვლავი ჩვენთვისაც აკიაფდება“. – წერს თეა გვასალია.

ძვირფასო ჯენზი, ზუსტად თქვენს ასაკში, თქვენსავით კარგად არ ვიყავით ჩაცმულები და მობილურები არ გვეჭირა ხელში, თორემ…

Posted by Tea Gvasalia on Sunday 12 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g