„ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ“… ასე მიმართავს ექსპერტი გია ხუხაშვილი ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს, რომლის განცხადებაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
„ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.
ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.
კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი – შენი და ჩემი შვილები დგანან“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის – დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად“. დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლის, მამის მეგობრის მიმართვას, ეკატერინა ხვედელიძემ საჯარო განცხადებით უპასუხა.