მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.
როგორც მან განმარტა, მცირე შანს ტოვებს, რომ კოლეგებს გონება გაუნათდეთ.
“მოლოდინი მაქვს, რომ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს. თუმცა, მცირე მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაიმე რესურსი არსებობდეს “ქართულ ოცნებაში” ვინმე რომ გონს მოეგოს და ამ სამარცხვინო პროცესს საკუთარი თავი, ჩვენი ქვეყანა ააცილოს. ამის მცირე მოლოდინი მაქვს. ჩვენ ისეთი ქარტეხილები გამოვიარეთ, აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე. მხოლოდ მცირე შანსს ვტოვებ, რომ კოლეგები დაფიქრდებიან, ოჯახის წევრებმა სწორი რჩევა მისცეს, გონება გაუნათდეთ, გაახსენდეთ იდეალები და ღირებულებები”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
პრეზიდენტის კანონპროექტით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.