LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე იქნება დამოკიდებული ”საჰაერო ტაქსის” ღირებულება?

39

პირველი ”საჰაერო ტაქსი” საქართველოში ფრენისთვის ემზადება. კომპანია “აჭარა ჯგუფმა”, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ”საჰაერო ტაქსების” ოპერირებას განახორციელებს, ლიცენზია მოიპოვა.
როგორც ”ფორტუნას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩაჩავამ განუცხადა, ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე გაფორმებულია და კომპანიის ბაზის ინსპექტირებაც დასრულდა.

”დასრულდა საჰაერო ხომალდისა და კომპანიის ბაზის ინსპექტირება და ეს სერთიფიცირების ბოლო ეტაპი იყო. თავდაპირველად გარკვეული სახის ხარვეზები აღმოვაჩინეთ, თუმცა კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები და ამ ეტაპზე ხომალდი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს”, + აღნიშნა ჩაჩავამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის თბილისში მხოლოდ ერთი ხომალდია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ Beechcraft-მა დაამზადა. თავდაპირველად ქვეყნის მასშტაბით ორი ”საჰაერო ტაქსი” იფრენს, მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი მათი რაოდენობაც გაიზრდება. ჯერჯერობით ტურისტული მიზნით პირველი ფრენა არ განხორციელებულა.

როგორც “აჭარა ჯგუფის” გენერალური დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ”ფორტუნას” გარკვეული პერიოდის წინ განუცხადა, აღნიშნული ტაქსები ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი, თუმცა იმ ადგილობრივებსაც მოემსახურება, რომლებსაც ქვეყნის დათვალიერება და ტურისტული ადგილების მონახულება სურთ. რაც შეეხება ღირებულებას, ის მგზავრთა რაოდენობასა და მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე იმ მიმართულებით იფრენს, სადაც აეროდრომები არსებობს (ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმართულებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები