სტამბოლის ხელისუფლებამ ტაქსის მძღოლების საქმიანობაზე კონტროლის გასაძლიერებლად დრონების გამოყენება დაიწყო. ახალი სისტემა პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ რაიონებში ამოქმედდა, სადაც მგზავრებისგან ყველაზე მეტი საჩივარი ფიქსირდება.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, დრონები მაკონტროლებელ ორგანოებს იმ ავტომობილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება, რომლებიც ადრე სხვადასხვა დარღვევაში იყვნენ შემჩნეული. კამერების საშუალებით შესაძლებელი იქნება ტაქსის მანქანების სანომრე ნიშნების დაფიქსირება და მათი გადაადგილების მონიტორინგი.
სტამბოლის ტაქსისტთა პალატის წარმომადგენლის, გიუნგერ პეტეკის თქმით, გადაწყვეტილება მგზავრების, განსაკუთრებით კი ტურისტების მხრიდან გახშირებული საჩივრების ფონზე მიიღეს.
ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს შორის სახელდება ტაქსიმეტრის ჩართვაზე უარის თქმა, ასევე მოკლე მანძილზე მგზავრობის შესრულებისგან თავის არიდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დრონების გამოყენება მსგავსი შემთხვევების შემცირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.