კაცო, ეს საბა ბუაძე რომ არის („ლელოს“ ტიპი), მე რომ მერჩოდა „ტვ პირველის“ ეთერში, გახსოვთ, დუჟმომდგარი, უზრდელად, სახედაკარგული რომ კიოდა ეთერში, ჩემს მამუკა ხაზარაძეს რა აკადრე, რას ჰქვია „მევახშეო“, ხომ გახსოვთ?! – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„რა ვიცი, ამის მეოთხედი არ მითქვამს, რაც ელისაშვილმა უთხრა ხაზარაძეს პირისპირ „რუსთავი 2“-ის ღია ეთერში, „პატიმრებს პირდაპირ ციხეში უფორმებდი კრედიტებს და ქუჩაში ყრიდი, შე თაღლითოო, ვიდრე დაჭერა არ დაგიპირეს, მანამდე არ გახსოვდა ქვეყანა, ახლა გაგახსენდა სამშობლო, შე ხალხის მყვლეფავო და მძარცველოო“. ვციტირებ, ჰოდა, რა ვიცი. ა, ბატონო, ხაზარაძემ კი შეირგო დედის რძესავით ელისაშვილის ეს სიტყვები. ნუ, ფაქტია.
იცით რა, ყველამ იცით, რომ გაერთიანებას მივესალმები ყოველთვის. ამას გავყვიროდი დღე და ღამე, ძალა ერთობაშია-თქო, მაგრამ არ ჰქნეს სიკეთე. ხომ გახსოვთ, ვეხვეწებოდით, გაერთიანდით ყველა დასავლეთის მომხრე-თქო, არაფრით არ გაერთიანდნენ. უი, „ნაცებთან“ არაო, მერე „ახალთან“ ვერ მორიგდნენ, მერე გახარიამ – არაო, ხაზარაძემ – კითხვები მაქვსო, გახარიამ – „ნუ გვეტენებითო“. ვციტირებ მის სიტყვებს, რაც ღიად თქვა ტვ ეთერში. მოკლედ, არაფრით არ გაერთიანდნენ. ვემუდარეთ, ძალა ერთობაშია-თქო. ჰოდა, ახლა მოგვევლინა ხაზარაძე-ელისაშვილის ტანდემი. ა, ბატონო, ეს ყოფილა შესაძლებელი და რას ერჩით? და საერთოდ, რა გვინდა ამ ალეკოსგან?! უთხრა ელისაშვილმა სიმართლე და იმ „ბანკირმაც“ შეირგო.
საბა ბუაძე, როგორ ხარ, „გენაცალე“, ხომ კარგად?! ჩემი რჩევაა, მეტი ასე ნაადრევად, დაუფიქრებლად, „თავგამეტებით“ და უტიფრად ნუ დაიცავ სიცრუეს, თან ზუსტად რომ იცი, რომ ოპონენტი სიმართლეს ამბობს. აღარ განერვიულდე, ბიჭუნავ, ხომ ხედავ, რა არ ხდება?! ჰოდა, ამათი შემხედვარე, მით უფრო გაუმარჯოს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის განახლებულ გუნდს – ერთიანობას“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.